„ახლა ჩემით იმ ბავშვების შეშინება შეიძლება, რომლებიც საჭმლის ჭამაზე უარს აცხადებენ: მაშენკა, თუ ფაფას არ შეჭამ, იმ ძიას დაემსგავსები, დიდი ყურებით, თავის ქალაზე გადაკრული ტყავითა და ჩაღრმავებული თვალებით, – არა დედა, არა, მე ყველაფერს შევჭამ და დამატებასაც მოვითხოვ,“- ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ წერს.
როგორც ის აცხადებს, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესებისა, ის დანებებას არ აპირებს და მხარდამჭერებს მადლობას გამოჩენილი თანადგომისთვის მადლობას უხდის.
“გამეცინა, როდესაც წავიკითხე ციტატები, რომ კალიუმის ისეთი დონით, რომელიც ჩემს ანალიზებშია, ან რეანიმაციაში, ან კუბოში უნდა ვიყო. მაგრამ არა, მე ასე ადვილად ვერ წამიყვანთ. “ნოვიჩოკის” შემდეგ არც კალიუმის არ მეშინია”, – წერს პოლიტიკოსი.
რუსი ოპოზიციონერის განცხადებით, უსამართლობისა და უკანონობის წინააღმდეგ, სოლიდარობასა და მხარდაჭერაზე უკეთესი იარაღი მთელს მსოფლიოში არ არსებობს.
„წუხელ ზუსტად 5 წუთით, ჩემთან ადვოკატი შემოვარდა და თქვენი დიდი მხარდაჭერის შესახებ მიამბო – რუსეთშიც და მთელ მსოფლიოშიც. ეს მომენტი ძალიან ძვირფასი იყო. დიდი მადლობა თქვენ.
ისეთებისთვის, როგორიც მე ვარ, რომელსაც არაფერი აქვს წყლიანი ჭიქის გარდა, იმედი და საკუთარი გადაწყვეტილებების რწმენა ძალიან ბევრს ნიშნავს. ასეა რუსეთშიც და მსოფლიოშიც, ციხეშიც და თავისუფლებაზეც. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა. ეს რთული არაა, მაგრამ უსამართლობისა და უკანონობის წინააღმდეგ უკეთესი იარაღი არ არსებობს,“- აღნიშნავს საკუთარ განცხადებაში ალექსეი ნავალნი.
შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი გასული თვიდან შიმშილობს. ნავალნის მკურნალი ექიმის განცხადებით, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და ის, შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა კი ორი დღის წინ განაცხადა, რომ ექიმებმა ნავალნის ვლადიმირის საოლქო საავადმყოფოს სტაციონარულ განყოფილებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. მათივე განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.