LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ქართველი მფრინავი, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოში პირველი აეროდრომები აშენდა

873
Image00003

150 წლის წინ, 1870 წლის 15 თებერვალს, ზუგდიდის მაზრის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში (ეხლანდელი ჩხოროწყუს რაიონი), დაიბადა ქართული ავიაციის პიონერი, მფრინავ-კონსტრუქტორი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი ბესარიონ ქებურია.

14 წლის ასაკში, ქებურია ფოთში მოხვდა, სადაც პირველად დაინახა მატარებელი. ბესარიონმა რკინიგზის მშენებლობაზე დარჩენა გადაწყვიტა. 1898 წელს, ქებურიამ ექსტერნად ჩააბარა გამოცდები პეტერბურგის საგზაო-საინჟინრო სასწავლებელში და მიიღო რკინიგზის უფროსი ტექნიკოსის წოდება.

1909 წელს, როდესაც ფრანგი ავიატორის, ლუი ბლერიოს მიერ, საკუთარი კონსტრუქციის მონოპლანით ლა-მანშის სრუტის გადაფრენის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო, ქებურიამ გაყიდა ყველაფერი და შეგროვებული თანხით ბლერიოს პარიზის საფრენოსნო სკოლაში ჩაირიცხა. 1910 წლის აგვისტოს, მან მფრინავთა სკოლა დაამთავრა და გადაეცა დიპლომი ნომრით 210. ბესარიონ ქებურია გახდა პირველი ლიცენზირებული პილოტი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

ქებურიამ საკუთარი კონსტრუქციით აგებული პლანერით ფრენების განხორციელება 1908 წლიდან დაიწყო. ავიაციის პოპულარიზაციის მიზნით, ავიატორი მართავდა საჩვენებელ ფრენებს და ღია ლექციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში.

ბესარიონ ქებურიამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ავიაციის განვითარებას. მისი პირადი ხელმძღვანელობით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა პირველი აეროდრომები და საჰაერო სადგურები თბილისში, ბაქოში, სოხუმსა და ბათუმში. იგი ასევე მონაწილეობას იღებდა საჰაერო ტრასების (ბაქო-თბილისი-სოხუმი-სოჭი-მოსკოვი, ბაქო-თბილისი-ქუთაისი-სოხუმი) დაგეგმვაში.

ბესარიონ ქებურიას სახელს უკავშირდება ფრანგი ინჟინრის, გუსტავ ეიფელის წარმოების ორი ასაწყობი რკინის კონსტრუქციის ხიდის ჩამოტანა ლიკანსა და ცემში.

ბესარიონ ქებურია 88 წლის ასაკში, 1958 წლის 4 დეკემბერს გარდაიცვალა.

აღნიშნულ ინფორმაციას ბესარიონ ქებურიას შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები