საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ინფორმაციით, სტადიონებზე გულშემატკივართა დაშვება უახლოეს დღეებში მოხდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივრის დაშვებასთან დაკავშირებით საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.

კობიაშვილის თქმით, ამ საკითხთან მიმართებით შესაბამის პროტოკოლში ცვლილებები მომდევნო კვირაში შევა.

„თვეზე მეტია, ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი დაიწყო და ასევე, სპორტის სხვა სახეობებიც გააქტიურდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი ხდება მაყურებლის გარეშე. შესაბამისად, საკითხი დადგა გულშემატკივრების სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით, ეს შეეხება ღია სტადიონებს. ძალიან სასიხარულოა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება, თუმცა, ხაზს გავუსვამ  ეს არ მოხდება ქაოტურად. სტადიონზე შესვლამდე ჩატარდება თერმოსკრინინგი, ყველა ის ზომა იქნება დაცული, რაც პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თითოეული გულშემატკივრის ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა კობიაშვილმა.

 

სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ:

„ჩვენ სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ვამზადებთ პროტოკოლს და აქაც ძალიან მალე იქნება ლიბერალური მიდგომები გამოყენებული. თუ ჩვენ გვინდა, რომ დადებითი დინამიკით ვიაროთ, მეტი და მეტი საქმიანობა გავხსნათ, არ მოგვიხდეს უკან დახევა, რა თქმა უნდა, სიფრთხილე, დიდი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ“.

 

საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებს შესაძლოა ბევრი მაყურებელი არ ესწრება, მაგრამ ძირითადად რეგიონებში მაინც საკმაოდ რაოდენობით იყრის გუშემატკივარი თავს. აკრძალვის დროსაც კი ზოგიერთ სტადიონთან ქომაგი მაინც მიდიოდა და უფრო მცირე ფართობზე ასობით ადამიანი გროვდებოდა, რაც არაკომფორტულობასთან ერთად, უფრო მეტად სარისკოა, ვიდრე გაშლილ ტრიბუნებზე ამ ადამიანების გადანაწილება.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05