LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამორჩეულად მახსოვს ერთი ბიჭი, გოგოს სახელს მეუბნებოდა, იქნებ ზემოთ იყოს და ტელეფონი გაეთიშაო.. იქ ტელეფონის დატენა და დარეკვა ყველას შეუძლია-მეთქი, იმ ბიჭს ხმა გაუტყდა“ – რას ჰყვება მთამსვლელი, რომელიც შოვში სტიქიის პირველივე წუთებში გაემგზავრა

1464
Untitled design

3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლიდან მალევე, მოქალაქეები გაერთიანდნენ და სტიქიის ზონაში მოხალისეებად წავიდნენ.

ისინი მეწყერში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, მათ შორის იყვნენ სოფელ ველევში მცხოვრები ძმები – გიორგი და თორნიკე მაცაბერიძეები, რომლებიც მთასვლელთა კლუბ „თეთნულდის“ წევრები არიან.

„ძმები გიორგი და თორნიკე მაცაბერიძეები გუშინ მაშველების ასვლამდე გადავიდნენ შოვში, მთელი დღეა ეხმარებიან – საამაყოა როცა ასეთი ადამიანებით შედგება საქართველო“ – მთასვლელთა კლუბი „თეთნულდი“

შოვში დატრიალებულ ტრაგედიაზე, სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებსა და იქ განცდილ ემოციებზე თორნიკე მაცაბერიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს:

„როდესაც მე და ჩემი ძმა შოვისკენ მივდიოდით, არ ვიცოდით, რეალურად იქ როგორი სიტუაცია იყო, სოციალურ ქსელში პოსტი დავდე, ვინმეს დაკარგულებზე ინფორმაცია თუ გაქვთ, მითხარით-მეთქი და ჩემი და გიორგის ნომრები მივუთითე. ბუბას მყინვარზე სალაშქრო მარშრუტი არის, სადაც ნამყოფი თავადაც ვარ, ტურისტი მყავდა წაყვანილი.

რაჭაში, უძირო ტბის შემდეგ, ეს ყველაზე პოპულარული მარშრუტია. ვფიქრობდი, ამ მარშრუტის ნაწილი ზუსტად იმ მდინარეზე გადის, საიდანაც ნიაღვარი წამოვიდა. იქ ვინმე თუ იქნებოდა, გადარჩენის შანსი არ იყო, მაგრამ ზემოთ ტყის ნაწილში ვინმე თუ მოჰყვა, ის გზის გარეშე იქნებოდა დარჩენილი, თან იმ ტერიტორიის რაღაც ნაწილში ტელეფონიც არ იჭერს. ვფიქრობდი, იქნებ რომელიმე მოლაშქრეც არის ჩარჩენილი-მეთქი, უცხოელების კემპინგის ჯგუფებშიც ვარ და იქაც დავპოსტე. მერე ვითარება მკვეთრად შეიცვალა, აღმოჩნდა, რომ ბევრ ადამიანს ეძებენ, ბევრი ტელეფონზე აღარ ჰპასუხობდა.

ჩემი პოსტი ზოგიერთმა ისე გაიგო, თითქოს დაკარგულების შესახებ ინფორმაცია მქონდა. მირეკავდნენ, სახელს და გვარს მეუბნებოდნენ და მეკითხებოდნენ, ეს ადამიანი ხომ არ გინახავს? 3 საათის შემდეგ ტელეფონს არ ჰპასუხობს და იქნებ იმ 150 ადამიანს შორის იყოს, რომლებიც ზემოთ არიან, გადარჩენილები, უსაფრთხოდო.

ყველა ფიქრობდა, რომ თავისი ახლობელი იმ 150 კაცს შორის იქნებოდა. მე და გიორგიმ კარგად ვიცოდით, იქ ვინც იყო, დალაპარაკებას ყველა შეძლებდა, ყველა კარგ პირობებში იყო, ყველას ტელეფონი ჰქონდა. თეორიული შანსი იმისა, რომ დაკარგული ადამიანი არ არის გასაჭირში და არის უსაფრთხო ადგილზე, ფაქტობრივად არ იყო.

ამ დროს ოჯახის წევრებს ვინ არ დაურეკავდა და არ ეტყოდა, კარგად ვარ და არ ინერვიულოთო?! ჩვენი მხრიდან ეს როგორი სათქმელი იქნებოდა?

გამორჩეულად მახსოვს ერთი ბიჭი, გოგოს სახელს და გვარს მეუბნებოდა, – გამარკვევინეთ, იქნებ ზემოთ იყოს და ტელეფონი გაეთიშაო. მას ვუთხარი, იქ ისეთი სიტუაციაა, ტელეფონის დატენა და დარეკვა ყველას შეუძლია-მეთქი. იმ ბიჭს ხმა გაუტყდა… თითქოს რეალობას შევაჯახე. ვცდილობდი, გარეთ მყოფი ადამიანებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რომ იქ მშვიდობა არ იყო.

ზოგიერთი სოციალურ ქსელში წერდა, რამე კარგი გვითხარით, ამდენ ნეგატივს ნუ წერთო. კარგი რა იყო სათქმელი? შოვი გაქრა. ერთი პერიოდი უაზრო სიმშვიდემ დაისადგურა“, – იხსენებს თორნიკე მაცაბერიძე.

იხილეთ ინტერვიუ ვრცლად.

„ეს ბიჭები განასახიერებენ რაჭას, თუ რამე გინდა იცოდე რაჭაზე, ეს აურა უნდა იგრძნო“ – რას წერს ნათია ფანჯიკიძე ძმებ მაცაბერიძეებზე, რომლებიც მაშველების ასვლამდე მეწყერში მოყოლილებს ეხმარებოდნენ

„იდგა და და ადამიანების სახელებს ყვიროდა, დაკარგულ ახლობელს ეძახდა, მაგრამ… ეს ურთულესი სანახავი იყო“ – მაშველი თორნიკე მაცაბერიძე სტიქიის ადგილზე მომხდარს იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g