LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარანტია, რომ კიდევ არ მოვა, არ არსებობს: ექსპერტები ივანიშვილის მეორედ წასვლას აფასებენ

172
გარანტია

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის საკითხი გასული წლის ბოლოდან აქტიურად განიხილება, რასაც  „ქართულ ოცნებაში“ არავინ ადასტურებდა. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინორმაცია არ ჰქონდა, თუმცა იქვე ამბობდა, რომ „ოცნების“ დამფუძნებლის გადასაწყვეტი იყო წავიდოდა თუ დარჩებოდა პოლიტიკაში.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკიდან წასვლას იანვრის ბოლოს გეგმავდა. როგორც ჩანს, მისი გეგმა დაჩქარდა და 11 იანვარს დილით მისი გამოსამშვიდობებელი წერილი გამოქვეყნდა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

რატომ მიდის ახლა, რატომ გადაწყვიტა წერილით დაგვემშვიდობოს, ვიხილავთ თუ არა „მესამედ მოსვლას“. ესაა შეკითხვების მცირე ცამონათვალი, რომელიც ივანიშვილის მეორედ წასვლამ გააჩინა.

 ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რას შეცვლის ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის წასვლა.

„ფორტუნა“ შეეცადა ამ კითხვებზე პასუხი ექსპერტებისგან გაეგო. 

ექსპერტი გია ხუხაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ვრცელი წერილი გულისყურით არ წაუკითხავს და რასაც გაეცნო, ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს.

„იმედია, არ გჯერათ, რომ ამხელა წერილი თავიდან ბოლომდე გულისყურით წავიკითხე, მაგრამ მთავარი მომენტები, რასაკვირველია, ვნახე. რა თქმა უნდა, ასე წასვლა მისი არჩევანია. ვაკრიტიკო, ამხელა წერილი რატომ დაწერე-მეთქი, არასერიოზული იქნება და არც იმას ვიტყვი, თავისი ინტერვიუების ციტირება რატომ დაიწყო-მეთქი. ეს გემოვნების საკითხია. 

სხვა საკითხია წერილის შინაარსი, რამდენად შესაბამება რეალობას, რომელშიც ჩვენი საზოგადოება ცხოვრობს. ის ან სხვა სამყროში ცხოვრობს და არ იცის, ქვეყანაში რა ხდება, ან ეს მისი მხრიდან მორიგი უცნაური ტრიუკია, შეუძლებელია, იმის დაჯერება, რომ ქვეყანაში თურმე ყველაფერი დალაგებულია. კრიზისის ფონზე გამარჯებლად წასვლაზე საუბარი, ეს გაქცევას უფრო ჰგას, ვიდრე გამარჯვებულის გასვლას. ასე მაშინ შეიძლება განაცხადო, როცა ყველა მიმართულებით გამარჯვებული ხარ, არადა რეალურად ჩვენ ყველა მიმართულებით დეგრადაცია განვიცადეთ. ყველაფერი მისი ბრალიც არაა. ობიექტური გარემოებების გამო ჩვენ გვაქვს უკუსვლა და ოფიციალური ციფრებიც ამას ადასტურებენ და ამ ვითარების გამარჯვებად გასაღება არაადეკვატურად მეჩვენება “,-ამბობს ექსპერტი.

ექსპერტი განმარტავს, რომ ძნელია ვამტკიცოთ, რომ ივანიშვილი კომფორტის ზონას დაუბრუნდა და იმაზეც ნაადრევია საუბარი, მესამედ დაბრუნდება თუ არა.

„რწმენის საკითხად იქცა, მესამედ მოვა თუ არა. მსოფლიოში მეორედ მოსვლის დაანონსება ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ მეორედ მოსვლა – არა. რეალურად ეს რომ მოხდეს, ამის ანონსი არაა საჭირო. ამის გასაგებად მომდევნო ნაბიჯები უნდა ვიხილოთ და ამას სჭირდება გარკვეული დრო“, – ამბობს ხუხაშვილი.

ექსპერტი ვახტანგი ძაბირაძე იხსენებს, ივანიშვილი პირველად რომ მიდიოდა, დაახლოებით მსგავსი ტექსტით დაგვემშვიდობა.

„ჩვენ გვაქვს სამწუხარო თუ საბედნიერო გამოცდილება, ეს არაა მისი პირველი განცხადება და პირველი წასვლა პოლიტიკიდან, ამიტომ გარანტია იმის, რომ კიდევ არ მოვა,  არ არსებობს. მეორედ მოსვლა კი გამიგია, მაგრამ მესამედ მოსვლა არ გამიგია, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში როგორც ჩანს, ესეც მოსალოდნელია.

განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ ყველაფერი გააკეთა, მისია შეასრულა, მაგრამ პირველად როცა მიდიოდა, მაშინაც ასე თქვა. მერე უცბად აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში თურმე კატასტროფული მდგომარეობა ყოფილა და მობრუნდა ხელისუფლებაში, იმისთვის, რომ ქვეყანა გადაერჩინა. რამდენად გადაგვარჩინა, ეგ ცალკე თემაა. დღეს მისი წასვლა იმიტომ რომ მან დაპირებები შეასრულა, მთლად ზუსტი არაა, (რბილად რომ ვთქვათ).

თქვა, რომ სააკაშვილი ჩამოაშორა ხელისუფლებას, კი ბატონო, ეს ნამდვილად მოხდა. მაგრამ სხვა მხრივ ქვეყანაში სასიკეთოდ ბევრი არაფერი შეცვლილა. არც დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარებულა, არც ეკონომიკური წინსვლა გვქონია. მოკლედ ყველა პრობლემა, რაც იყო სააკაშვილის დროს, ის პრობლემები დარჩა, გარდა თვითონ სააკაშვილისა. ქვეყანაში დგება ძალიან მძიმე და რთული ვითარება და ამას არ სჭირდება ძალიან დიდი გამჭრიახობა და არც ძალიან ღრმა და ფუნდამენტური ანალიზი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც მეტნაკლებად ერკვევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მიხვდება, რომ გველის ძალიან რთული და მძიმე პერიოდი. ამიტომ დღეს პოლიტიკიდან წასვლა არის ბრძოლის ველის მიტოვება და არა შესრულებული დანაპირებების გამო ვალმოხდილი წასვლა. მას არ უნდა პასუხუსმგებლობა აიღოს იმ პრობლემებზე, რომელიც ხვალ და ზეგ აუცილებლად დადგება და პრობლემა არამხოლოდ პანდემიის გამო დადგება. პანდემია არის დამატებითი თუმცა ძალიან წონადი ფაქტორი.

ერთი საკითხიცაა აღსანიშნი. პანდემიამ შესაძლოა ხელისუფლებას გარკვეული ამოსუნთქვის საშუალებაც კი მისცეს. სანამ არსებობს ვირუსის საშიშროება, საზოგადოება შეეცდება, უკიდურეს გაჭირვებასაც კი გაუძლოს. ამიტომ ყოფითი პრობლემების პროტესტი შესაძლოა არ იყოს ისეთი მძაფრი, როგორც იქნებოდა, ჩვეულებრივად რომ გაგრძელებლიყო ცხოვრება“, – ამბობს ექსპერტი.

კითხვაზე, რატომ წავიდა ბრძოლის ველიდან ახლა, ექსპერტი პასუხობს:

„მძიმე სოციალურ-ეკონმიკური მდგომარეობა გველოდება.  ვის დასჭირდება დამატებითი ვალდებულებების აღება, ვისაც თავისი ცხოვრება მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული აქვს?

თუმცა არის კიდევ ერთი მომენტი. ვინმე დიჯერებს, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან? გინდა ქვეყნის შიგნით, გინდა ქვეყნის გარეთ, ამის ეჭვი ბევრს გაუჩნდება. ეს პრობლემა ივანშვილს მაინც ექნება. უნდა ეს მას თუ არ უნდა.

მთავარი ის კი არაა, ვინ შეცვლის თავმჯდომარის პოსტზე. მთავარი ისაა, ვინც შეცვლის, მას რა გავლენა ექნება საპარლამენტო უმრავლესობაზე“, – ამბობს ძაბირაძე ჩვენთან საუბარში.

ექსპერტი რამაზ საყვარლიძე „ფორტუნასთან“ საუბარში  განმარტავს, რატომ შეიძლება წასულიყო ივანიშვილი სწორედ ახლა.

„რატომ გადაიდგა ეს ნაბიჯი ახლა? ოპოზიცია სულ ამბობს, ხელისუფლება უნდა ივანიშვილსო. ამის საპასუხოდ სულ ვამბობდი, რომ ივანიშვილს ხელისუფლება არ უნდა – მეთქი. ამიტომ წავიდა ერთხელ, მერე ნახა, რომ რაღაცები არასწორად ხდებოდა, მობრუნდა და მგონი, ახლაც მიდის იმავე მიზეზით, რატომაც პირველად წავიდა…  პოლიტიკა  მისთვის ტვირთია…

ივანიშვილი ასაკსაც ახსენებს და ამბობს, რომ უკვე ასაკიანად მიაჩნია თავი, მაგრამ 65 წელი არაა პოლიტიკისთვის ხანდაზმული. მგონია, რომ ასაკის თემა მხოლოდ მიზეზია.  არაერთხელ აღუნიშნავს, რომ პოლიტიკა მისთვის კომფორტული არაა და რამდენ ხანს შეიძლება იყოს ადამიანი არაკომფორტლ ზონაში, ეს ცალკე თემაა. 2020-ის არჩევნებით როგორც ჩანს, მან დაიმშვიდა თავი. იფიქრა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნა აუცილებელი არაა.

პირადად მე ასეთი წასვლა არ გამკვირვებია. წერილით მოვიდა და წერილით მიდის. მისთვის წერილი უფრო კომფორტული ფორმაა, ვიდრე ცოცხალი ინტერვიუ, რადგან წერილი მეტ საშუალებას იძლევა, ყველა დეტალზე დაფიქრდე.

ვიხილავთ თუ არა ივანიშვილის მესამედ მოსვლას, ეს შეკითხვა დღეს უკვე ბევრჯერ დაისვა.

არ მგონია, კითხვაზე დარწმუნებით პასუხი შეიძლებოდეს. გააჩნია სიტუაცია როგორ განვითარდება. თვითონ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმედი აქვს, გამოჩნდება პოლიტიკური ძალები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადაიყვანს. ის ელოდება მოვლენათა გარკვეულ რიგს, ახალი სუბიექტების გაჩენას და გაკვრით ისიც აღნიშნა, არ მინდა ახალგაზრდებს ხელი შევუშალოო. მისი რომელიმე პარტიის უკან დგომა შეიძლება, ხელისშემშლელი აღმოჩენილიყო, ამიტომ სავარაუდოდ ეს სცენარი გახდა იმის მიზეზი, რომ მისთვის სასურველი  ნაბიჯი გადაედგა და დამტკბარიყო იმ ცხოვრებით, რომელიც 2011 წლამდე ჰქონდა“,-ამბობს ექსპერტი.

საყვარელიძის თქმით, ივანიშვილის ადგილს პარტიაში დიდი ალბათობით ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

„მისი შემცვლელი დიდი ალბათობით ირაკლი კობახიძე იქნება. ის ბოლო ხანებში უფრო აქტიურია, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს იყო. გარდა ამისა ზოგიერთ კითხვებს, რომელიც მას ბოლო პერიოდში დაუსვეს, პარტიაში მის ადგილთან დაკავშირებით ისეთი ბუნდოვანი პასუხები გასცა, ყველას გაუჩნდა განცდა, რომ თავმჯდომარეობა მას ემუქრება“,- აღნიშნა საყვარელიძემ.

“მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც გაუგონარი ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით

მედგა გვერდში” – ბიძინა ივანიშვილი

 “ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც მორიგი სიცრუე და ცინიზმია” – ბიძინა ივანიშვილი