LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის შეფასებითი დოკუმენტი – რა შინაარსიც ამ დასკვნაში წერია, კრიტიკულზე მეტია: ვარლამ გოლეთიანი

95
ვარლამ გოლეთიანი

„რიონის ხეობის“ მცველის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 30 მარტის შეფასებითი დოკუმენტი, სადაც „ნამოხვანჰესების“ კასკადი დაწუნებულია და ამ დოკუმენტს უკიდურესად კრიტიკული შინაარსი აქვს. ამის შესახებ გოლეთიანმა „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღემდე ეს დოკუმენტი სწორედ იმის გამო იყო კონფიდენციალური, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა პროექტის განხორციელება და არ გაითვალისწინა სამინისტროს დასკვნები, მათ შორის, არც ფინანსთა სამინისტროსი, რომლის დასკვნაც დღემდე კონფიდენციალურია.

„ფინანსურ ნაწილში, ფინანსთა სამინისტროს დასკვნის შინაარსი არ ვიცით, მაგრამ ვხედავთ ერთ რაღაცას, რომ არ არის გათვალისწინებული რეალური სურათი, სამინისტროს დასკვნები მხედველობაში არ არის მიღებული და გადაწყვეტილება მიღებულია – კომპანიასთან ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება გაფორმებულია.

რა შინაარსიც ამ დასკვნაში წერია კრიტიკულზე მეტია იმიტომ, რომ პირდაპირ მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ არ უნდა გაფორმდეს მსგავსი ტიპის ხელშეკრულება იმიტომ, რომ ეს არის დამაზიანებელი და პრაქტიკულად, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ აქ დათმობილია სახელმწიფო ინტერესი. 22 პუნქტია ჩამოთვლილი, დეტალურად არის განხილული, რომ არ შეიძლება ხელისუფლებამ კერძო კომპანიასთან ამ ტიპის ხელშეკრულება გააფორმოს.

ჩვენ ვხედავთ რომ უგულებელყოფილია მთელი ეს პროცესი და დანაშაულებრივი ქმედებაა ჩადენილი. აქ არის მნიშვნელოვანი არა ის თუ რას ვფიქრობთ ჩვენ ამ პროცესზე, არამედ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მხილებულია ხელისუფლება და ის სახელისუფლებო ინსტიტუციები, რომლებიც ამ პროცესზე პასუხისმგებლები არიან. ჩვენ ვხედავთ, რომ თვითონ გამოააშკარავეს თავიანთი თავი. ხელისუფლება გამოვავლინეთ საკუთარ უკანონო ქმედებებში – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი,“- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.