უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 18 შეტევა მოიგერიეს. მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 13 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა, 27 ერთეული ჯავშანტექნიკა, 2 ერთეული სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობა და მტრის 5 მანქანა.
როგორც უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსული ძალები, გასული დღის განმავლობაში, მარიუპოლზე საარტილერიო და საჰაერო თავდასხმებს განაგრძობდნენ და ორიენტირებულები იყვნენ, რომ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე, უკრაინული ჯარების დანაყოფების ბლოკირება მოეხდინათ.
„გასული დღის განმავლობაში შვიდი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: ხუთი „ორლან-10“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, ერთი „კა-52“ ტიპის ვერტმფრენი და ერთი ფრთოსანი რაკეტა. მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს მტრის 18 შეტევა, გაანადგურეს 13 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა, 27 ერთეული ჯავშანტექნიკა, 2 ერთეული სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობა და მტრის 5 მანქანა,“ – აღნიშნულია ანგარიშში.