დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.
გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაიზარდა შემთხვევები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, რთული სიტუაციაა ბელარუსშიც, სადაც შეზღუდვები არ ყოფილა დაწესებული.
საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისას, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრები კარგად არის დაცული.
მისი ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანში, რომელიც წითელი ზონაა, მოსახლეობის თითქმის სრული კვლევა ჩატარდა.
„მნიშვნელოვანია ქვემო ქართლის კლასტერი. ყველაზე ცხელი წერტილია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი. ჩვენ გასულ კვირას სერიოზულად ვიმუშავეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გუბერნიასთან ერთად, ჩატარდა მუშევანის მოსახლეობის თითქმის სრული კვლევა. მთლიანად მუშევანში 1 135 ადამიანი გვყავს გამოკვლეული, 75-ია დადებითი, რომლებიც გადაყვანილი არიან სამკურნალოდ. ამავე დროს დაახლოებით 60-მდე ადამიანი გადაყვანილია კარანტინში. სოფელ მუშევანში გამოვიკვლიეთ 750 ადამიანი, რაც არის სოფლის მთლიანი მოსახლეობა. ეს 1 135 კვლევა ნიშნავს, რომ განმეორებით ჩავატარეთ ტესტები. ჩვენ პარასკევს ძალიან ორგანიზებულად, ცხრა ბრიგადით ვიმუშავეთ მუშევანში. ერთ დღეში გამოვიკვლიეთ 574 ბიოლოგიური ნიმუში და აქედან 19 აღმოჩნდა დადებითი. კლინიკური მდგომარეობა ყველასი არის დამაკმაყოფილებელი, ზოგიერთები უკვე გამოჯანმრთელდნენ და არიან გამოჯანმრთელების შემდგომ კარანტინში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მისი დაკვირვებით მოსახლეობის ნაწილი რეკომენაციებს არ იცავს. არ ატარებენ პირბადებს და არც დისტანცია არის დაცული. მათ კიდევ ერთხელ მოგვიწოდა, რომ ჯანმრთელობაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.
„გავისეირნე რამდენიმე პარკში და ვნახე, რომ მოსახლეობა არ იცავს ჩვენს რეკომენდაციებს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პირბადის ტარების აუცილებლობაზე.
„პროცენტებში აგიხსნით ნიღბის ტარების მნიშვნელობას. თუ ინფიცირებულ ადამიანსაც და ჯანმრთელ ადამიანსაც უკეთია ნიღაბი, ჯანმრთელი ადამიანი დაახლოებით 95%-ით არის დაცული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელს უკეთია ნიღაბი და დაინფიცირებულს – არა, მაშინ დაინფიცირების ალბათობა 50%-ია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.