ინფორმაცია სახიფათო ვირუსზე მრავლად ვრცელდება. ბევრს კორონავირუსი იმაზე საშიში ჰგონია, ვიდრე ის სინამდვილეშია, რითაც პანიკას პროვოცირებს და კიდევ უფრო ართულებს ეპიდემიასთან ბრძოლას, ბევრს კი, პირიქით, ზერელე, არასერიოზული დამოკიდებულება აქვს და უარს ამბობს პროფილაქტიკის მარტივი, თუმცა ეფექტური ზომების გათვალისწინებაზე.

გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ მითებს და  ევროპელი ექსპერტების მოსაზრებებს:

კორონავირუსით პლანეტის დიდი ნაწილი დაავადდება 

არსებობს უამრავი პროგნოზი და “წინასწარმეტყველება”, თითქოს ვირუსით პლანეტის დიდი ნაწილი დაავადდება. ამგვარი მოსაზრება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმაც გამოთქვეს, თუმცა არ დაეთანხმნენ ევროპელი ვირუსოლოგები, არგუმენტად კი, ჩინეთში დაავადებულთა შემცირება, ინდოეთში კი, საერთოდ – მცირე გავრცელება დაასახელეს. “ვირუსის დაძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ყველა ქვეყანა სერიოზულად მოეკიდება პრობლემას. ადრე თუ გვიან ადამიანის ორგანიზმი შეეჩვევა და ბევრად მარტივად გადაიტანს დაავადებას. ამასთანავე, დღემდე უცნობია ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა, რადგან ბავშვებს და ახალგაზრდებს ვირუსი მარტივად, პრაქტიკულად სიმპტომების გარეშე გადააქვთ”, – აღნიშნა ფრანგმა ექსპერტმა, რომლის აზრით, სამყარო მალე შეეგუება COVID-19-ს, რადგან ის მხოლოდ მწვავე რესპირატორული დაავადებაა, რომელთანაც მსხვერპლის მიუხედავად, ადამიანის ორგანიზმს მაინც მოუწევს ადაპტირება.

ბავშვები არ ავადდებიან კორონავირუსით 

მსგავსი მითი მანამდე იყო აქტუალური, სანამ სხვადასხვა ასაკის ბავშვების დაავადების ინფორმაცია არ გავრცელდა. “რა თქმა უნდა, ბავშვები თავისუფლად შეიძლება დაავადდნენ ვირუსით, მაგრამ მათთვის COVID-19 ნაკლებად სახიფათოა. ორგანიზმში მოხვედრისას ვირუსი რეცეპტორებს, ცილების გარკვეულ ჯგუფს უკავშირდება, რომელიც პასუხს აგებს უჯრედის ორგანიზმთან ადაპტირებაზე, ბავშვებს კი, ამგვარი ცილები ნაკლებად აქვთ, რადგან ის მხოლოდ ასაკის მატებასთან ერთად კონცენტრირდება ადამიანის ორგანიზმში და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს დაავადება გართულების გარეშე, “, – თვლის გერმანელი ვირუსოლოგი.

ვირუსი ჰაერში “დაფრინავს” 

არსებობს მოსაზრება, თითქოს ვირუსით დაავადება ინფექციის მატარებელ ადამიანთან კონტაქტის გარეშეც შეიძლება, რადგან ის დიდი ხანია გავრცელდა ჰაერში.”შეუძლებელია, ქუჩაში სიარულისას დაინფიცირება, ვირუსი მხოლოდ დაავადებულთან კონტაქტით გადადის, როცა ერთის ხველით ან ცემინებით გამოყოფილი ნერწყვის წვეთები რაიმე ნივთზე ხვდება, მეორე კი, ჯერ ამ ნივთს ეხება, მერე პირს, ცხვირს ან თვალებს ისრესს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უცხოეთიდან ჩამოსულებს მოდუნების და თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის უფლება აქვთ, რადგან ვირუსის ინკუბაცია 14 დღე გრძელდება. მეტიც, არსებობს იმ ადამიანთაგან დაინფიცირების შემთხვევები, ვისაც საერთოდ არ აღენიშნებოდა სიმპტომები, რადგან მართალია, ვირუსის მატარებელი იყო, მაგრამ მხოლოდ ინკუბაციის პერიოდს გადიოდა, ამიტომ არც სიმპტომები აღენიშნებოდა.

შინაური ცხოველები ვირუსის გადამტანები არიან 

სულ ცოტა ხნის წინ ჩინელმა სპეციალისტებმა დაადასტურეს ძაღლის პატრონისგან დაინფიცირების შემთხვევა, ამიტომ გაჩნდა ვერსია, თითქოს ინფიცირების უკუპროცესიც შესაძლებელია, თუმცა მსგავსი მოსაზრება ევროპელმა ექსპერტებმა უარყვეს, რადგან ვირუსი ვერც დაავადების შემთხვევაში შეძლებს ცხოველის ორგანიზმში გამრავლებას, ის მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში ვრცელდება, სადაც უკვე მოასწრო ადაპტირება.

COVID-19 კოღოს ნაკბენით გადადის 

არ ღირს მწერების მტრად გამოცხადება, რადგან სინამდვილეში ახალი კორონავირუსი – რესპირატორული დაავადებაა, რომელიც მხოლოდ ჰაერ-წვეთოვანი მეთოდით გადადის, როცა ჯანმრთელი ადამიანი დაავადებულის მიერ ხველის ან ცემინების დროს გამოყოფილ წვეთებს ან ნერწყვს სუნთქავს.

ნიღაბი ჯანმრთელ ადამიანს იცავს 

თუ ნიღაბი მკვრივი ქსოვილისგანაა დამზადებული და მჭიდროდ ეკვრის სახეს, მაშინ ის მეტ-ნაკლებად იცავს ჯანმრთელს დაავადებულისგან, თუმცა მაინც არ ღირს დამშვიდება. მეტიც,  ნიღაბს პირველ რიგში ინფიცირებული უნდა ატარებდეს, რადგან ამოსუნთქვის, ხველის ან ცემინებისას ნერწყვი სხვადასხვა მხარეს იფანტება, ვირუსის ნაწილაკები კი, ნიღაბში რჩება.

ქრონიკული კორონავირუსი 

ინფორმაცია COVID-19-ის ქრონიკულ დაავადებად ქცევაზე სიახლე არაა, ამგვარი ჰიპოთეზა კი, ჩინეთში განმეორებით დაინფიცირების პრეცედენტს ეფუძნება. “მათ შემთხვევაში, ვინც ორჯერ დაავადდა, შესაძლოა ორგანიზმში არსებული ინფექცია გაუაქტიურდა, რადგან ბოლომდე არ მიიყვანა მკურნალობა. ქრონიკული ინფექციის ორგანიზმიდან გამოდევნა ძალიან რთულია, რადგან თვეების, წლების მანძილზე რჩება, თუმცა კორონავირუსს მსგავსი თავისებურება არ ახასიათებს”, – ამბობს ბელგიელი მედიკოსი, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მალე ვირუსის, რომელიც ჯერ არაა სრულად შესწავლილი, ახალი მახასიათებლები აღმოაჩნდება.

თავდაცვა მედიკამენტებით 

მართალია, ექსპერტები ხშირად უარყოფენ  პროფილაქტიკური საშუალებების არსებობას, მაგრამ, ფარმაცევტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ პანაცეის მოძიება შეიძლება. “ჯერჯერობით არ არსებობს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საიმედო მეთოდი, რადგან მხოლოდ მიმდინარეობს სპეციფიკური მედიკამენტების კლინიკური კვლევა, ერთადერთ პროფილაქტიკად კი, იმუნიტეტის გაძლიერება შეიძლება ჩაითვალოს”, – ირწმუნებიან ფრანგი მკვლევარები.

ზაფხულში ეპიდემია დასრულდება 

მართალია, კორონავირუსი ნაკლებად კომფორტულად გრძნობს თავს ზაფხულში, რადგან  სწრაფად იშლება სიცხეში, ადამიანის იმუნიტეტი კი, პირიქით, მზის და ვიტამინების ხარჯზე ძლიერდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვირუსი საბოლოოდ გაქრება.

 

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05