„ღამის სერენადები“ – ფესტივალი, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს, წელს აღდგენიდან მეთერთმეტედ იმართება. წელს მსმენელს ცნობილი მუსიკოსები და მრავალფეროვანი პროგრამა ელოდება. ფესტივალი ბათუმსა და თბილისში გაიმართება, 25, 27, 28 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრში, თბილისში კი 2, 4 სექტემბერს – თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ფესტივალში მონაწილეობენ სოლისტები გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და რასაკვირველია, საქართველოდან.
ნინა ცაგარელი, ფესტივალის დირექტორი:
„ღამის სერენადები“ უნიკალური ფესტივალია, რომელიც 1982 წელს ქალბატონმა ლიანა ისაკაძემ ბიჭვინთაში, აფხაზეთში დააარსა. ომის გამო ფესტივალმა შეწყვიტა არსებობა და მისი აღდგენა მრავალი წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი, ჯერ ბორჯომში “ხელოვნების ზეიმის”სახელწოდებით შემდეგ ბათუმში – „ღამის სერენადების“ სახელწოდებით. 2015 წელს ფესტივალმა გააფართოვა არეალი და ეწოდა ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც წელს აღდგენიდან მეთერთმეტედ გაიმართება.
ნინო სურგულაძე, მეცოსოპრანო, ფესტივალის მონაწილე:
ძალიან მიხარია და დიდი პატივია ამ ფესტივალში მონაწილეობა. არაჩვეულებრივი და პრესტიჟული, მნიშვნელოვანი ფესტივალია, უკავშირდება ქალბატონი ლიანა ისაკაძის სახელს და ყოველთვის არაჩვეულებრივი მუსიკოსები მონაწილეობენ. ამჯერად მომიწევს ძალიან საინტერესო შემოქმედებითი ურთიერთობა ბატონ ვახტანგ მაჭავარიანთან. ის არის ჩემი მეგობარიც დ ამუზაც. ერთად გვიმუშავია და საინტერესო შედეგები გვქონია. ის ნაწარმოები, რომელიც შესრულდება, საოცარია. პირველად შევასრულებ მას და მიხარია, რომ ქართველ მსმენელს კიდევ ერთხელ შევხვდები.