შოვში გარდაცვლილი იპოვეს და-ძმა – 25 წლის მეგი გუტაშვილი და 18 წლის გიგი გუტაშვილი.
ჯერ კიდევ 3 აგვისტოს, მეგისა და გიგის და, მარიტა გუტაშვილი ამბობდა, რომ სტიქიის ზონაში ოჯახის 9 წევრს ეძებდა.
მარიტას ოჯახის სხვა წევრებს ჯერ კიდევ ეძებენ.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში 20-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ.
სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„გიგი და მეგი – ჩვენი სკოლის კეთილშობილებით გამორჩეულო, ნიჭიერო, წარჩინებულო ბავშვებო, რა თავზარი დაგვცა თქვენმა ტრაგედიამ, რამხელა ტკივილი მოგვიტანა, როგორ გაგვიხუნა და გაგვიფერმკრთალა ყველა ფერი. გიგის სტუდენტობის მოლოცვის ნაცვლად თქვენ დაგტირით და თქვენთან ერთად ყველა დაღუპულს… ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს თავისი საუკეთესო შვილების დაკარგვას!
აღარასდროს ჰქონოდეს გლოვის დღეები ჩვენს ქვეყანას!“ – ვკითხულობთ სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის სამძიმრის პოსტში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 19 ადამიანია დაღუპული.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა
მარიტა გუტაშვილი: „ნუ მაიმედებთ, უბრალოდ საქმეს მიხედეთ, რომ დახოცილი ადამიანები მაინც ამოიყვანოთ“