LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გილიგაშვილი: „სიყვარულის ზღვა კი არა, ოკეანე მინდა… ირაკლისა და ლიზას სიყვარულმა დამიდასტურა, რომ არსებობს ის, რასაც ვეტრფი და ვეძებ, მადლობა მათ ამისთვის…“

4864
გიორგი-გილიგაშვილი

გიორგი გილიგაშვილი მძიმე სნეულების დამარცხების შემდეგ თავს კარგად გრძნობს და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა, ოღონდ ცოტა განსხვავებულად – შეიცვალა მისი, როგორც ადამიანის შინაარსიც და გარესამყაროს აღქმაც. ბევრ რამეს ახლა კიდევ უფრო მეტად აკვირდება და უყურებს, თუმცა არსებობს ერთი მთავარი ფრაზა, რომელსაც საკუთარ თავს მაშინ ეუბნება, როცა მძიმე ფიქრებისკენ გაურბის გონება…

გიორგი, დავიწყოთ შენი ჯანმრთელობის მოკითხვის თემით, რაც ყველას აინტერესებს…

დიდი მადლობა. დავიწყებ იმით, რომ „ყველა განსაცდელს ღიმილით განვიცდი/ მწამს, რომ ყოველი არის უფლის ნება/ მე შეგიყვარებთ, აღარ დავიცდი/ ლაღი იქნება ხვალ გათენება…/ ჩვენ შევიყვაროთ, ნუღა დავიცდით/ ლაღი იქნება ხვალ გათენება“. ამ ლექსით ვამჟღავნებ, როგორია ზოგადად გარემოს მიმართ ჩემი შინამო. არანაირი განსაცდელი არ დაიშვება უფლის ნების გარეშე. უფალი ამბობს: „გიხაროდენ ყოველთა და ყოველთვის, რამეთუ მე შენთანა ვარ“. თუ უფალი ჩემთან არის, როგორ შეიძლება, მოვიწყინო, დავნაღვლიანდე? თუნდაც ეს სნეულება განუკურნებელი ყოფილიყო, უფლისთვის არაფერია შეუძლებელი. რადგან მე უკვე გავიარე სირთულეები, მსურს, კარგად გავიაზრო, რა მოხდა. იმ ადამიანებს, ვინც ახლა არის სნეულებაში, მინდა ვუთხრა, რაც უნდა მტკივნეული იყოს, სიყვარულით მიიღონ განსაცდელი. ტკივილის შედეგად განცდილი სიხარულის შესახებ მინდა ვისაუბრო. ტკივილის შეგრძნება იხშობა იქ, სადაც წარმოიშობა მიმღებლობა სიყვარულით. როცა გახსოვს, შენ ეს დაგემართა ცოდვის საპირწონედ, არ უნდა გქონდეს პრეტენზია, – შენ რომ გულზე ჯვარი გაქვს შემოსილი, იმ ღმერთკაცმა, ქრისტემ, ცოდვა არ ჩაუდენია და მთელი ტკივილები განიცადა და საკუთარ თავზე აიღო. დედამიწაზე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ბოლომდე აქვს გააზრებული, რა ტკივილები განიცადა ქრისტემ. რა თქმა უნდა, არც მე. უნდა გაიაზრო, რატომ დაგემართა შენ… არც ერთი მიზეზი არ იყო იმისთვის, რომ ღმერთი ჯვარს გვეცვა, მაგრამ ასე მოხდა. 33 წლის ასაკში რომ მეწვია ეს სნეულება სიყვარულით, გულში სულ მჯეროდა, თუკი ვამბობ, რომ ქრისტეს მხედარი ვარ და მისი წინამძღოლობით დავამარცხებ ყველა განსაცდელს, მენიშნა, რომ უფალი ჩემთან არის და ამ პატარა ჭრილობებმა და ნაიარევებმა, რაც ჩემს სხეულს აქვს, ჩემი სულის ნაიარევები განწმინდა… სინანულიც სხვაგვარი მომეცა, სიხარულსაც სხვაგვარად ვგრძნობ, ძალიან ბევრი რამ ჩემს თავში უფრო გავამძაფრე… დამეხმარა ჩემი თავის კიდევ უფრო კარგად შეცნობაში. ყველა განსაცდელი უნდა გამოვიყენოთ საკუთარი თავისა და ღვთის შემეცნებისთვის… ყოველთვის გვახსოვდეს, რომ უფლის შვილები ვართ… წარმოიდგინეთ, მამა რომ თანამდებობის პირი გყავს, როგორი დადიხარ ქალაქში, რადგან იცი, რომ ნებისმიერ დროს გადაგეფარება, წარმოიდგინე, რომ გავიაზროთ, უფლის შვილები ვართ, როგორი ბრექით ვივლიდით, მაგრამ მეორე მხრივ, როცა გაგვახსენდება, როგორი თავმდაბალია მამა, ათვითცნობიერებ, რომ მედიდურობა არ არის მისი წესი…

კონკრეტულად რა შეიცვალა შენში ამ სენის დამარცხების შემდეგ?

სულ არის დაუმთავრებელი ბრძოლები საკუთარ თავთან – თუ ერთ ცოდვას აუკრავ პირს, მეორე და მესამე გაიღვიძებს. გილიგა, ვინც აქამდე იყო, იყო მებრძოლი, ქრისტეს ჯარისკაცი, მაგრამ ეს არ ნიშნავს წმინდანს, ცოდვილს ნიშნავს, რომელსაც სურს, ეს ცოდვები მოიშოროს მარხვით, ლოცვით, ზიარებით, მოყვასის, მტრის სიყვარულით… ამით მეტ-ნაკლებობით ვცდილობდი საკუთარ თავში ღმერთის პოვნას, უფრო გაზრდას და საღვთო ენერგიის გადიდებას. ადრე რასაც ვუამბობდი საკუთარ თავს, ახლა თავად შევიგრძენი. საკუთარი სიტყვაც უფრო სანდოა ჩემთვის, ვიდრე აქამდე იყო. ახლა სხვათა ამბების მოგონება აღარ მჭირდება, რადგან საკუთარი გზა გავიარე. რამდენიმე თვე მქონდა ყველაფრის გასააზრებლად. დასხივების დროს რამდენიმე დღეს მარტო ვატარებდი – ვერც შენი ძმაკაცები მოდიან, რომლებიც ტყვიას მიიღებენ შენ გამო, ვერც შენი ლამაზი დედიკო, მამიკო, ძმა და დები… თავად იცვლი ტანისამოსს, თეთრეულს, რაც სარეცელზეა, რადგან ყრი, დასხივებულია და უნდა დაიწვას. ჩემი სარკმლიდან დაბლა ჩანდა, მძიმე ავადმყოფებს ეტლით როგორ ასეირნებდნენ. იქვე პატარა სასაფლაო იყო. რამდენიმე ადამიანი მიიცვალა ჩემს იქ ყოფნაში. ძალიან ახლოს იყო ეს ფიქრები ჩემთან. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ ჩემი ავადმყოფობა ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე იოლი ფორმაა, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება – ადამიანს შეიძლება თითი გაეჭრას და იმით გარდაიცვალოს. ეს ფიქრები როცა მოდის, შენც იაზრებ, ის გილიგა, რომელიც ყოვლისშემძლე გგონია და ვეფხვებთან  მეომარ მოყმეს ჩამოჰგავს, სნეულებაშია…

განსაცდელის დროს ადამიანები ყველაზე კარგად ვგრძნობთ, ვინ არის ჩვენიანი და ვინ არა…

როგორც კი ეს ფიქრები შემოვიდა, გავაძლიერე ლოცვა და განვდევნე ეს ფიქრები ჩემგან. ადამიანები ვიღაცებზე ვამყარებთ იმედებს, რაც ჩვენივე შეცდომაა. პირდაპირ წერია სახარებაში: „წყეული არს კაცი კაცის მოიმედე“. შენნაირი მოკვდავი ადამიანის იმედი პირველ რიგში, არ უნდა გქონდეს, ღმერთის იმედი უნდა იყოს უპირატესი. ჰოლივუდში ვისაც სიამოვნებით გავიცნობდი, ეს დენზელ ვაშინგტონია, რადგან ღირსეული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი სიტყვებია, მგონი, „ღმერთს დაუთმე ყველა საქმეში პირველობა და ის საქმე ძალიან კარგად დასრულდება“. როცა მქონდა თითქოს ვიღაცების იმედი და შემოვიდა ბოროტი აზრები ჩემში, აბა, ამის იმედი რომ გქონდა, როგორ მოიქცევა-მეთქი, ერთ დღეს ვთქვი: დიდება უფალო, შენს სახელს, იყოს ნება შენი და ეს აზრები მყისვე განვდევნე. შეიძლება, ძალიან მტკენოდა გული. შეიძლება, მას, ვისაც ჩემი იმედი აქვს, ასევე ეტკინოს გული. პირობის მიცემა აღარ მიყვარს, რადგან ხვალ შეიძლება, ვერ ვიღვიძებ საერთოდ, გავყვე უფალს… როცა მეკითხებიან, ხომ მოხვალ? ღმერთით-მეთქი, ვპასუხობ, ვუდასტურებ სიყვარულს, მაგრამ ახლა ვერაფერს დაგპირდები-მეთქი…

ამ განსაცდელის ჯამს ხომ არ გიფიქრია, რომ კარგი იქნებოდა, საკუთარი ოჯახი გყოლოდა?

როგორ არა? უცბად გავიაზრე, შვილი მაინც დამეტოვებინა-მეთქი. ეს არ არის კარგი ფიქრები, რადგან მცირედ მორწმუნეობას ნიშნავს. ისევ დავრჩი ყოფითი ფიქრების ამარა. ამდენი შვილია გასაზრდელი ჩემს დედამიწაზე და შენ მაინც ეგოისტურად ფიქრობ, ჩემი შვილი, ჩემი შვილიო… შვილამდე ჩემს სიმღერებზე განვიცადე, რადგან ისინი არიან ჩემი შვილები. რაც დაწერილი მაქვს და ალბათ, ისე არ გავალ ამ წუთისოფლიდან, რომ არ ჩავწერო, ვფიქრობდი, მოვასწრებ მათ ჩაწერას-მეთქი? არ მინდოდა მათი დაკარგვა. სიმღერების ფიქრებმა რომ გადაიარა, ჩავუღრმავდი აზრებს და შვილზე დავფიქრდი. 21 ნათლული მყავს, საკუთარი შვილი – ჯერ არა.. ამაზე რომ დავიწყე ფიქრი, ე.ი. ისევ არ ვენდობი უფალს? თუ უფლის ნება იქნება, გეყოლება, ჩაწერ სიმღერებს, ყველაფერი ლეგენდარულად იქნება. თუ არა, „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა“. ამიტომ ამ დროის დამკარგავი ფიქრებისგან გავთავისუფლდი. სულ ვამბობ: იყოს ნება შენი, უფალო!..

ელოდი ასეთ სიყვარულს ადამიანებისგან?

სიმართლე გითხრა, ვერ ვხვდები, რატომ და საიდან მოდის ეს ამხელა სიყვარული… არც ერთი კომენტარი არ წამიკითხავს, ეს ჩემი პრინციპია, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრების ცრემლითა და სიხარულით სავსე თვალებში დავინახე, რომ ხალხმა გამოხატა საოცარი ერთსულოვნება და გვერდში დგომა თავისი უცნობი ძმის მიმართ. ახლაც მხვდებიან ქალბატონები თუ ბატონები, რომლებიც მაჩვენებენ თავიანთი ოჯახის წევრების მოსახსენიებელში ჩემს სახელს. ეს ჩემთვის რამხელა ჯვარია, იცით? უცხო ადამიანები მოდიან და მეუბნებიან, რომ ლოცულობენ ჩემთვის, სანთელს ანთებენ… და ისევ ვამბობ, იყოს ნება შენი, უფალო… ამას რომ ჩავუღრმავდე, თავი რაღაც მეგონება, ზედმეტად თავის დამდაბლების დროსაც შეიძლება „გაგექცეს“, თუ ის ნასაზრდოებია ძალდატანებით, რაც ისევ ამპარტავნებაში შეიძლება გადაიზარდოს. ოქროს შუალედის პოვნა რთულია, მაგრამ ლოცვა და მარხვა ამხელა წნეხის საპირწონედ არის…

შორიდან მაინც საკმაოდ რთული ადამიანი ჩანხარ, შესაბამისად, ქალისთვის შენი მოხიბვლაც არ იქნება ადვილი. ასეა?

ნამდვილად ძალიან რთული ვარ, იმიტომ, რომ ქართული ვარ და ვფიქრობ, ქართული ცოტა რთული უნდა იყოს. შემინდოს ყველამ. ჩემთან არ არის მარტივი. საშიში ვარ, იმიტომ, რომ სიყვარული შემიძლია, დიდება ქრისტეს. სიყვარულის შემძლეობიდან გამომდინარე, საკუთარ თავს სიმარტივეს ვერ ვპატიობ. ხომ შეიძლება, ეს სხვაშიც არ მსურდეს. როცა მთავაზობენ სიყვარულის ზღვას, არ მყოფნის და მსურს სიყვარულის ოკეანე. ამას ვერ იგებენ. სახლშიც, ჩვენს საუბრებშიც ოჯახის წევრებთან, ყოფილა ასეთი შემთხვევა, როცა დედას უთქვამს, შვილო, რა გინდა, ცოტა მოგვადუნეო. არა, დედა, მეტი მოგვეცა, მეტი მოგვეთხოვება. მართლა მჯერა, რომ უფალი არ გამწირავს და მომმადლის მე უღირსს ჩემს ღირსეულ საცხოვარ სივრცეს, რომელშიც ვიცხოვრებ და ეს იქნება ჩემი მეორე ნახევარი. მან ჩემში უნდა იცხოვროს – ქმარი ეკუთვნის ცოლს, ცოლი ეკუთვნის ქმარს. წარმოუდგენელია, ორი ადამიანის გაერთიანება ღმერთის გარეშე, ისინი ერთმანეთისკენ კი არა, ღმერთისკენ უნდა მიდიოდნენ, აქ დგება მარადისობა, თორემ რაც უნდა მაგარი სიყვარული დაარქვან ადამიანებმა, ღმერთის გარეშე ყოველივე მარადიულის არსებობა გამორიცხულია. ასე რომ, ჩემთვის ამ სნეულების შემდეგ, ჩემს რთულ ქართულ თავთან გადასადგმელი ნაბიჯი მაქვს, ის არაფერს არ ითხოვს, გარდა მარადიულობისა. ძალიან მოსაწყენია არამარადიული ცნებებით ცხოვრება. მარადიული არ ნიშნავს ერთნაირს, მარადიული ნიშნავს მუდმივად არსებულს. ის, რაც გალაქტიკებს აერთიანებს და შენც გაყალიბებს მის საოცარ ცენტრად.

როგორც ვხვდები, სიყვარულით მყარი ურთიერთობის შექმნა გსურს. ასეთი ურთიერთობა დაკანონდა რამდენიმე დღის წინ – ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილს ვგულისხმობ, სადაც შენ მეჯვარე იყავი. ფაქტობრივად, ჩვენც დავესწარით ამ ქორწილს, იმდენი ვიდეო გავრცელდა…

დიდი სიყვარულით ვულოცავ ამ საოცარ წყვილს, ზღაპრული წყვილია, რომელმაც ამ დიდ და ქაოტურ სამყაროში იპოვა ერთმანეთი. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩიჩუებისა და მაქაცარიების ოჯახს, რომ ერთი და იმავე ღირებულებებით გაზარდეს შვილები და მათმა სულებმა ერთმანეთი იცნეს… როდესაც საუბარია ირაკლისა და ლიზაზე, ამის თქმა მინდა. ცრემლებამდე უყვართ ერთმანეთი, დედამიწიდან – ცამდე. ბედნიერი ვარ ძალიან, რომ ვიყავი მოწმე ჯვრისწერის საიდუმლოსი, რომელიც შესრულდა. ვარ უბედნიერესი, რომ მომავალი თაობებისთვის სიყვარულის მაგალითები რჩება. მარტო მაგიტომ ღირს ცხოვრება, რომ ჩემი ლიზასა და ირაკლისნაირი ადამიანების სიყვარულს უმზირო.

 

ყველამ ვნახეთ ირაკლის ცრემლები ქორწილში…

ლამის მეც გული გამისკდა. ვუთხარი კიდეც, მაქაც, ძმაო, გაჩერდი, თორემ გული გამისკდება-მეთქი. ეს ლიზა ხომ გვაგიჟებს მთელ საძმაკაცოს, ისეთი საოცარი გოგონაა. ჩემს ძმას, ჩემს მაქაცას ვუთხარი, – ლიზას გამოჩენა იყო ჩემთვის კიდევ ერთი დასტური, ჩემი დებისა და ჩემი ძმაკაცების მეუღლეების მერე და განსაცდელის შემდეგ ქალის მშვენიერებაც და შინაარსიც სხვანაირად დავინახე, – რომ, ჩემმა მზემ, არსებობს ის, რასაც ვეძებ და ვეტრფი. დიდი მადლობა ირაკლის და ლიზას, რომ მათმა წყვილმა ეს დამიდასტურა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები