LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძის ინიციატივა: პარლამენტის თავმჯდომარის გარდა არავის უნდა ჰყავდეს პერსონალური ავტომანქანა, ეს ხარჯები ხელფასის სახით გადავანაწილოთ დეპუტატებზე

114
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

„ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე პარლამენტში, სადაც დეპუტატების ხელფასების მომატების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, ინიციატივით გამოვიდა, პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, სამსახურებრივი ავტომობილით მომსახურება ყველა სხვა დეპუტატს გაუუქმდეს და გამოთავისუფლებული თანხა, თუნდაც, ხელფასის სახით კანონმდებლებზე გადანაწილდეს.

ამასთან, როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ბიზნესებს უნდა მიეცეთ პარტიების ღიად დაფინანსების კანონიერი საშუალება.

„რა უნდათ პარლამენტში ბიზნესმენებს ან ოპოზიციიდან ან საპარლამენტო უმრავლესობიდან? საპარლამენტო უმრავლესობიდან იმიტომ მოდიან, რომ ტენდერებით ფული იშოვონ, ან თავდაცვის მექანიზმი იპოვონ ძალადობისა და რეპრესიებისგან, ხოლო ოპოზიციაში იმიტომ უნდათ ბიზნესმენის ყოფნა, რომ დაცულები იყვნენ სხვადასხვა სახის ზემოქმედებისგან.

საქართველოში არის კომერციული პარლამენტი. 90%-ის მოვალეობაა პულტზე ხელის დაჭერა და პარტიული დავალების შესრულება და არა რეალური საპარლამენტო მუშაობა. ბიზნესი უნდა ლობირებდეს თავის ინტერესებს, ღიად უნდა აფინანსებდეს პარტიას. გინახავთ ბიზნესმენი, ოფიციალურად პარტიის ბიუჯეტში ფული შეეტანოს? როგორც კი ამას გააკეთებს, მაშინვე თავს დაესხმება საგადასახადო და სხვა სამსახურები.

მომავალი მოწვევის პარლამენტში, დეპუტატებს შესაძლოა, ხელფასი გაეზარდოთ

„დღეის მდგომარეობით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება უფრო დაბალია, ვიდრე ძალიან ბევრი საჯარო მოხელის“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ბიზნესს ეშინია ოპოზიციის დაფინანსების, როგორც კი ბიზნესი ოპოზიციაში ჩადებს ფულს, მისი საქმე დამთავრებულია. ამიტომ არის რომ თავად ბიზნესმენები მოდიან მერე პარლამენტში და იძენენ იმუნიტეტს. იმუნიტეტისთვის მოდიან, სამუშაოდ კი არა. ეს არის მახინჯი პარლამენტის სურათი. ასევე, პარლამენტში ორ ერთნაირი პოზიციის მქონე დეპუტატს ერთნაირი ხელფასი არ აქვს. არის ერთი დეპუტატი, რომელიც არის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მეორეც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, მაგრამ ამ მეორეს ლამის ორჯერ მეტი ხელფასი აქვს, ოღონდ ამას ხელფასი არ ჰქვია, ჰქვია მატერიალური სარგებელი – ემსახურება პერსონალური მანქანა, აქვს 500 ლიტრამდე საწვავი, ბენზინი, ემსახურება მძღოლი… გამოდის, რომ ორი ადამიანი ერთნაირ ხელფასს არ იღებს.

საქართველოს პარლამენტში, სადაც არის 150 კაცი, ყოველი მესამე დეპუტატი არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში და აქვს მეტი შრომის ანაზღაურება ფულადი და მატერიალური. ყოველ მესამე დეპუტატს ემსახურება პერსონალური მანქანა. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ 88 დეპუტატს ემსახურება 45 პერსონალური მანქანა.

პარლამენტის თავმჯდომარის გარდა არავის უნდა ჰყავდეს პერსონალური ავტომანქანა. ეს ხარჯები გადავანაწილოთ დეპუტატებზე, გაიზარდოს ხელფასი, კი ბატონო, ოღონდ საბჭოთა გადმონაშთი, პერსონალური პრივილეგიები, გაქრეს.

დავემსგავსოთ ევროპულ ქვეყნებს, სადაც დეპუტატები ველოსიპედებით დადიან პარლამენტში. რასაც კომიტეტის თავმჯდომარე ამ საავტომობილო მომსახურებაში იღებს, გადავიანგარიშოთ, დავუმატოთ და მივცეთ ხელფასის სახით. რაც უნდა ის აკეთოს, უნდა ტაქსით მოვიდეს, უნდა მანქანა იყიდოს. ან სხვა სისტემა გავაკეთოთ პარლამენტში, საპარლამენტო მანქანების გამოძახება. უნდა გათანაბრდეს დეპუტატების ანაზღაურება!“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები