სამწუხაროდ გვაქვს რთული მოცემულობა იმის გათვალისწინებით, რომ ელჩი არის გაწვეული – ეს არის მთავარი ასპექტი ამ კუთხით. ანუ, კონკრეტული დემარში განხორციელდა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იყო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სიღრმისეული განსჯის საფუძველზე მიიღეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„გვაქვს ძალიან სამწუხარო და უცნაური მოცემულობა: ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არიან, არიან უკრაინის ხელისუფლებაში. ეს არის უნიკალური მოცემულობა მსოფლიოს ისტორიაში. ჩვენთვის განსაკუთრებით სამწუხარო ის არის, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში არიან იმ ქვეყანაში, რომელიც არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რომელიც დღეს არის ძალიან რთულ ვითარებაში. ჩვენთვის ეს არის ძალიან სამწუხარო და კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ეს მოცემულობა ქმნის კონკრეტულ პრობლემებს, რაც განსაკუთრებით გამოიხატა ელჩის გაწვევაში.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ჩვენ ვდგავართ მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით და სადაც საჭირო იყო პოლიტიკური თანადგომა, ყველგან მყარი პოლიტიკური პოზიცია დავაფიქსირეთ”,- განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, იმ მესიჯებს, რომლებიც გაჟღერებულია „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, მოკლევადიან პერსპექტივაში აქვს თავისი გავლენა, მათ შორის საზოგადოებაზე, მაგრამ ისინი ვერასდროს აღწევენ თავის გრძელვადიან მიზნებს.
“ვერავითარი ელჩის გაწვევა, სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები ჩვენს ამ დამოკიდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს – ქართველებსა და უკრაინელებს აკავშირებთ საუკუნოვანი მეგობრობა და ეს ყველაზე ფასეულია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.