LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს უღიმღამო ბიუჯეტი, რომელშიც კალაძის მრავალწლიანი დაპირებებიც კი სათანადოდ არ არის ასახული – საბა ბუაძე

67
საბა ბუაძე

საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარის, საბა ბუაძის თქმით, თბილისის ბიუჯეტი ვერ პასუხობს უმძიმეს სოციალურ მდგომარეობას, რომელიც ინფლაციის ფონზეა დედაქალაქში.

„სამწუხაროდ, ბიუჯეტის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს არც ერთ ამბიციურ პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება. არ ითვალისწინებს თანხებს ყველაზე საკვანძო მიმართულებით, როგორიცაა ტრანსპორტი. თბილისელების აბსოლუტური უმრავლესობა ახალი ავტობუსების შესყიდვას ელოდება. ვხედავთ, რომ ბიუჯეტში ეს თანხები გათვალისწინებული არ არის და მთლიანობაში, გვაქვს უღიმღამო ბიუჯეტი, რომელშიც კალაძის მრავალწლიანი დაპირებებიც კი სათანადოდ არ არის ასახული.

არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც არ გვაქვს მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტები. სამწუხაროდ, ეს ბიუჯეტი ადეკვატურად ვერ პასუხობს იმ უმძიმეს სოციალურ ფონს, რომელიც დედაქალაქში არის და ვერ პასუხობს იმ მზარდ ინფლაციას, რომლის შედეგადაც აბსოლუტურად ყველა საქონელსა და მომსახურებაზე კოლოსალურად იზრდება ფასები.

საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა კარგი და მისასალმებელია, თუმცა ამავე სექტორში გაბერილი შტატები კარგი და მოსაწონი ვერ იქნება. ჩვენ გვაქვს შეთავაზება, რომ მთელი რიგი მიმართულებებით შტატები ოპტიმიზირდეს. იმ ადამიანებისათვის, რომლებიც რეალურად მუშაობენ და რეალურად აკეთებენ თბილისის საქმეს და არა პარტიულ საქმეს, 10%-ზე მეტით გაიზარდოს ხელფასი. ინფლაცია ეხება ყველას, მათ შორის, საჯარო სექტორში მომუშავეებსაც“, – განაცხადა საბა ბუაძემ.