LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვიკიჟინებენ ომში ჩავერთოთ და სანქციები დავუწესოთ რუსეთს, უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის – ღარიბაშვილი

202
ღარიბააააა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთის მიმართ დასავლეთის დაწესებული სანქციები ეფექტური საშუალება არაა. მისი თქმით, უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არაა.

პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა 2008 წლის ომის პერიოდიც და აღნიშნა, რომ ომი საქართველოში მაშინდელი ხელისუფლების „უგუნურმა, გაუთვლელმა და ემოციურმა პოლიტიკამ“ გამოიწვია.

„ბოლო დღეების განმავლობაში მარგინალური ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და შეცდომაში შეყვანას. ჩვენი ხელისუფლება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოხვატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ გამოვცადეთ 2008 წელს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებენ.

უნდა ითქვას პირდაპირ — მათი მიზანია განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. გვახსოვს კარგად, როგორც მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, როგორი მოიქცა ე.წ. მთავარსარდალი — გახსოვთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული და მიატოვა და მთელ ერს აჩვენა სირცხვილი და თავის მხდალი სახე. მთელს მსოფლიოს დაამახსოვრა თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით.

კარგად გვახსოვს, ვინ იომა 2008 წელს — ჩვენმა გმირმა ჯარმა, ჩვენმა პოლიციელებმა, მაგრამ კარგად გვახსოვს გაქცეული მთავარსარდალი, გაქცეული პოლიტიკოსები, პარლამენტარები… ქვეყანა დატოვეს მათ და მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. ასევე, ჩემს მეხსიერებაში საშინლად ჩაიბეჭდა ის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა. მაშინ, როცა ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, მთავრობის წევრები სააკაშვილის მეთაურობით ხუმრობის ხასიათზე იყვნენ.

მაშინდელმა მთავარსარდალმა მსოფლიოს თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით დაამახსოვრა

დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს ჩვენ, რომ ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ თურმე რუსეთს, ომში მივიღოთ მონაწილეობა უკრაინაში და ა.შ. მე მინდა ჩვენს მოსახლეობას შევახსენო კარგად, თუმცა ვიცი, აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი მოქალაქეების ასე ფიქრობენ და მათ კარგად აქვთ გააზრებული ის საფრთხეები და რისკები, რაც დღეს მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემის მიმართ არსებობს.

დღეს ევროპაში, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი, ვხედავთ, რომ დღეს არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. დღეს უკრაინაში ვინ ომობს? — უკრაინის ჯარი. ამიტომ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე და ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია და გაუთვლელი ნაბიჯები, სიტყვა, ქმედება არის ძალიან დიდი რისკის შემცველი“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g