თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა, სოციალურ ქსელში წერს, რომ შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი მარიამ მაისურაძეა.
„ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, კარგი მეგობარი და ადამიანი, მარიამ მაისურაძე, რომლის ოცნებები და მომავალი მისსავე საყვარელ, რაჭის მთებში დარჩა.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუნდეტური თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოვთქვათ და ვუსამძიმრეთ მარიამისა და ყველა გარდაცვლილის ოჯახს”, – ნათქვამია ტექსტში.
მარიამ მაისურაძესთან ერთად, იდენტიფიცირებულია მისი დედის, 49 წლის შორენა ბიჭაშვილის ცხედარიც.
ინფორმაციას „ინფო რუსთავს” გარდაცვლილი ქალის მეუღლე უდასტურებს:
„ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლეს დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი რომ ჩემია. ასე, რომ ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს”, – განაცხადა დავით მაისურაძემ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.
შოვში მომხდარი სტიქიის გამო, 7 აგვისტოს საქართველოში გლოვის დღეა.