ნიკა მელიას გადაყენება არ იგეგმება, პარტიაში ცვლილებების საკითხი არ დგას, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტების შეკითხვას პარტიაში დაპირისპირების თაობაზე.
როგორც წითლიძემ აღნიშნა, პარტიაში შიდა დაპირისპირება არ არის.
“კეზერაშვილის საკითხს რაც შეეხება, არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით, ასეთი არის ბევრ საკითხზე, ეს არ არის დაპირისპირება,”- განაცხადა წითლიძემ.
ის ასევე, გამოეხმაურა მოძრაობა ” საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი მუმლაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს.
წითლიძე განმარტავს, რომ გიორგი მუმლაძე პარტიის წევრი არ არის და სამოქალაქო აქტივისტია.
„კონკრეტულ ინციდენტზე პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია და არასწორია მოსაზრება, რომ მუმლაძე იყო თითქოს ის ადამიანი, ვისი ხმაც ამოიცნეს, მაგრამ მისი და სხვა უცნობი პირების მიერ ეს იყო მძიმე პროვოკაციის მცდელობა, რომელიც იქნა აღკვეთილი პარტიის წევრების მიერ. მე არ ვადასტურებ ფიზიკურ დაპირისპირებას.
მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, ვინც ცდილობს იყოს დაპირისპირება, გაასწორონ ფოკუსი, ამ ფოკუსის სამიზნე არ არის ნიკა მელია, მისი სამიზნე უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, რადგან ის არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა,”- განაცხადა წითლიძემ.
მისივე თქმით, მსგავს საკითხებს, როგორიც შეიძლება იყოს ცვლილებები, საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტს პარტია, პარტიის პოლიტსაბჭო, რეგიონული და რაიონული ორგანიზაციები და არა სამოქალაქო აქტივისტები ან ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტიის წევრები. წითლიძე განმარტავს, რომ ეს საკითხი არ დგას პარტიაში.