LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინციდენტი ცნობილ ადგილზე მოხდა“ – სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

176
საოკუპაციო ხაზი

სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

„პალიტრანიუსის“ ეთერში  „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა, გოგა აფციაურმა, რომელიც შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმყოფება, განაცხადა, რომ გარდაცვლილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის გორის ბიუროშია გადასვენებული.

„ინციდენტი ცნობილ ადგილზე მოხდა. ეს არის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიშში, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე წლის წინ დაიკავეს. ბოლი დროს ეკლესიის კარიც კი აჭედეს, იმიტომ რომ იქ არ მისულიყვნენ ადგილობრივები.

როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ეკლესიასთან იმყოფებოდა ადგილობრივი მცხოვრები, თამაზ გინტური, რომელიც გარდაცვლილია და მისი ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის გორის ბიუროშია გადასვენებული“,- განაცხადა აფციაურმა.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილას ასევე იმყოფებოდა საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ძალებს ჰყავთ დაკავებული.

ხოლო მეორე ადგილობრივმა გაქცევა მოახერხა და სწორედ, მან შეატყობინა სოფლის მცხოვრებს მომხდარის შესახებ.

„ასვე დაკავებულია საქართველოს მოქალაქე ლევან დოთიაშვილი. ამავე სოფლის მცხოვრებმა, ერთმა მოქალაქემ მოასწრო გაქცევა. ამჟამად ის პოლიციაშია გადაყვანილი და მასთან გამოკითხვა მიმდინარეობს. ის არის ერთადერთი ოქროს მოწმე, რომლის გვარი და სახელი არ ხმაურდება. ის გამოექცა ოკუპანტებს და მან შეატყობინა ადგილობრივების მომხდარის შესახებ“,- განაცხადა აფციაურმა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფელ კირბალის შესასვლელი სამართალ დამცავებს აქვთ გადაკეტილი.

„მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს აქვთ საშუალება, მივიდნენ სახლებში. სოფლის შესასვლელთან განსაკუთრებული მობილიზებაა. მობილიზებაა ასევე საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სადაც ინციდენტი მოხდა“, – განაცხადა გოგა აფციაურმა.

სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

„სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს“ – სუსი

„როდესაც პრაგმატულ პოლიტიკას ტაშს უკრავს „ქართული ოცნება“, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან“ – თეონა აქუბარდია სოფელ კირბალში მომხდარზე

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

გიორგი გახარია: ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები