“ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგანგაშოდ იმატებს, კრიზისის ბოლო კი არ ჩანს,” – აცხადებენ ჯანდაცვის ექსპერტები და მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ინდოეთში უახლოესი დღეები “სასტიკად რთული” იქნება.
ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში კოვიდ-19-ის შემთხვევებმა 20 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 222 000-სს აჭარბებს.
ბოლო 24 საათში, ინდოეთში გამოვლინდა ვირუსის 357 229 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 3 449 პაციენტი.
ინდოეთის ჯანდაცვის მაღალჩინოსანმა, რაჯეშ ბუშანმა უარი განაცხადა ეპასუხა კითხვაზე, თუ რატომ არ იყო უკეთ მომზადებული ხელისუფლება. ექსპერტები კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ქვეყანას უდიდესი მსხვერპლის გაღება უწევს – ჟანგბადისა და საავადმყოფოს საწოლების არასაკმარისი რაოდენობის გამო.
ბრაუნის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დეკანმა შეერთებულ შტატებში, დოქტორმა აშიშ ჯჰამ განაცხადა, რომ იგი წუხს ინდოელი პოლიტიკოსების დამოკიდებულებით – “ისინი ფიქრობენ, რომ უახლოეს დღეებში ყველაფერი გაუმჯობესდება”.
“მე ვცდილობდი მეთქვა მათთვის, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, მაგრამ არა, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაფერი საშინლად იქნება… და ეს პერიოდი, შესაძლოა, უფრო დიდხანს გაგრძელდეს.” – თქვა მან.
ჯჰას განმარტებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს საზოგადოების ჯანდაცვის “კლასიკურ” ზომებზე, რაც გულისხმობს – კიდევ უფრო გაფართოებულ ტესტირებას, უნივერსალური ნიღბების ტარებასა და დიდი შეკრების თავიდან აცილებას.
ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ კოვიდვაქცინებზე დაწესებული ფასები ღარიბებისთვის აცრას გაართულებს. ორშაბათს, ოპოზიციურმა პარტიებმა მოუწოდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვაქცინა გაუკეთონ ყველა ინდოელს.