ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი მედიკოსთა დაკვირვების ქვეშაა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში დაბალი ტემპერატურით მივიდა. კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, პაციენტი ჩინეთში იმყოფებოდა, თუმცა საქართველოში შემოსვლისას ვირუსის ნიშნები არ აღენიშნებოდა. თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ კლინიკური დაკვირვებით პაციენტს კორონავირუსი არ აქვს, თუმცა, პრევენციის მიზნით, მას ლუგარის ლაბორატორიაში შესაბამისი ტესტი ჩაუტარდება. პასუხები დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
“კლინიკაში არის ერთადერთი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც სულ ახლახან, 1 საათის წინ შემოიყვანეს, რომელიც იმყოფებოდა შანხაიში. აქვს ტემპერატურა დაბალი, 37.1.დიდი ალბათობით, კლინიკური დაკვირვებით, ამ ქალბატონს არ აქვს კორონავირუსი, მაგრამ მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მაინც, ყველა მათგანზე სასურველი და საჭიროა ტესტირების გაკეთება”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც ინფექციურში შესაბამის მკურნალობას გადიოდნენ. ცერცვაძის განმარტებით, 9 ავადმყოფი უკვე გაეწერა. ყველა მათგანს საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა და მთლიანად გამოირიცხა ახალი კორონავირუსის ინფექცია.