ბიზნესომბუდსმენად დედაქალაქის მერის ყოფილი მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, ირაკლი ლექვინაძე იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში.
„ირაკლის საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, გახლდათ მერის მოადგილე, პროფესიით არის ეკონომისტი, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი, სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტიც.
ირაკლის ბიზნესსაზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში, არის ძალიან წესიერი ადამიანი და კარგი პროფესიონალი და, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად უნდა ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა ეს ინსტიტუტი ძალიან ეფექტური, ირაკლი გააგრძელებს იმ კარგ ტრადიციას, რომელიც ამ სამსახურში შეიქმნა,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.