რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე 2008 წლის ომს შეეხო.
„ნატოს იგივე ქვეყნები, რომლებიც ეუთოს მონაწილეები არიან, 2008 წელს ალიანსის ბუქარესტის სამიტზე თბილისსა და კიევს გაწევრიანებას დაჰპირდნენ. მიზანი მარტივი იყო, მათი რუსეთის წინააღმდეგ განწყობა. სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა, მაშინვე შეასრულა ბუქარესტში მიცემული კარტ ბლანში და იმავე 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთის ქალაქების დაბომბვისა და სამხრეთ ოსეთში ეუთოს თანხმობით მყოფ სამშვიდობოებზე თავდასხმის ბრძანება გასცა. ეს პროვოკაცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოამზადა, რომელმაც საქართველოში პროგრამა „წვრთნა და ვარჯიში“ დაიწყო. ის რაც სააკაშვილს ვაშინგტონმა ასწავლა, მან მორჩილად შეასრულა“, – განაცხადა ლავროვმა.
აღსანიშნავია, რომ სერგეი ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია „უფსკრულის პირასაა“ და სიტყვით გამოსვლის შემდეგ დარბაზი დატოვა.
„მოდით, ვაღიაროთ, რომ ორგანიზაცია უფსკრულის პირას არის. ჩნდება მარტივი კითხვა: აქვს თუ არა აზრი მისი გაცოცხლებისთვის ძალების მობილიზებას.. ეუთო არსებითად ნატო-სა და ევროკავშირის დანართად იქცევა“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლის შემდეგ ლავროვმა დარბაზი მალევე დატოვა და სხვა წარმომადგენლებს არ მოუსმინა.