„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „დავით კეზერაშვილი ოლიგარქია“, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ეხმიანება. მისი განცხადებით, „მაშინ, როდესაც ევროპის მხრიდან დეოლიგარქიზაციაზე იყო საუბარი და მელიამ ეს განცხადება გააკეთა, პარტიაში საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა“. როგორც ცისკარიშვილი ამბობს, ამ განცხადებით ნიკა მელია „იგივე მესიჯბოქსზე დაჯდა, რასაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აჟღერებდნენ“.
„აზრთა სხვადასხვაობები, თუ ჩამეკითხებოდით, გეტყვით რამდენიმე საკითხზე გვქონდა, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რაც საჯაროდ გამოვიდა ტელეეთერებში, როცა ნიკამ [მელიამ] თქვენს დამფუძნებელს [დავით კეზერაშვილს] ბრალი დასდო ოლიგარქობაში და რაღაც პოლიტიკაში ხელის შემოყოფისა და აქტიურობის მიმართულებით. პრაქტიკულად, იგივე მესიჯბოქსზე დაჯდა, რასაც „ქოცები“ აჟღერებდნენ იმ პერიოდისთვის.
ახლა აგრძელებს ოცნების ლიდერშიპი იმ პერიოდიდან დღემდე მოყოლებული, შეიძლება ნიკა საჯაროდ აღარ საუბრობს, მაგრამ ისინი არ გაჩერებულან, თავს ესხმიან დავით კეზერაშვილს.
ჩვენი გუნდის მენეჯმენტის სხვა წევრებს მოუწიათ ღიად ამ განცხადებას დაპირისპირებოდნენ. ეს არასწორი იყო იმ პირობებში, იმ მოცემულობაში, როდესაც დეოლოგარქიზაციაზე იყო ევროპის მხრიდან საუბარი და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი საუბრობს, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კი არა, თურმე დავით კეზერაშვილი ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს არ მოგვეწონა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემი მეგობარია და 25 წელია ვმეგობრობთ, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკურად ეს გაუმართლებელი იყო. კრიტიკული მედიის დამფუძნებელზე თავდასხმა მაშინ, როდესაც ყველა ისარი და ფოკუსი უნდა იყოს ამ რეჟიმის შესუსტებაზე“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.