LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: ყოველთვის ცდილობენ, რომ დესტრუქცია მოაწყონ – მელია არის ჩვეულებრივი „ხულიგანი“

60
კახა-კალაძე-1

„არ უნდა გაგიკვირდეთ, მელია არის ჩვეულებრივი „ხულიგანი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეებს, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი დაპირისპირების თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია არის იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი, რომელიც მთელი თავისი მუშაობის მანძილზე დესტრუქციითაა დაკავებულია.

„როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, დაკავებული იყვნენ ადამიანების წამებით, ოჯახების გაუბედურებით. როდესაც ისინი ოპოზიციაში იმყოფებიან, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.

ეს არის მათი რეალური სახე. ყოველთვის ცდილობენ, რომ დესტრუქცია მოაწყონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს, ყოველთვის ცდილობენ გარკვეულ პროვოკაციებს, მაგრამ ეს არ გამოუვათ“, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე კი – ვისი პასუხისმგებლობაა მომხდარი ფაქტი, კალაძემ უპასუხა, რომ პასუხისმგებლობის გადანაწილება ორივე მხარეს მოუწევს.

„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობის გადანაწილება ყველას მოუწევს არა მარტო ხელისუფლებას, მათ შორის ოპოზიციას, იმიტომ რომ ისინიც პოლიტიკურ ველზე არიან. შესაბამისად, ეს პროვოკაციები კატეგორიულად მიუღებელია“,- აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ადგილზე არანაირი საფრთხე არ არსებობდა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საქართველოში ევროკავშირის ოფისთან სპონტანურად გამოცხადდნენ.

„ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, როდესაც კრიმინალი თავს ესხმის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს. ეს ნამდვილად არ იყო მისასალმებელი. ეს იყო ახალგაზრდების სპონტანური გამოსვლა იმ სიბინძურეზე, რაც მელიამ იკადრა და გააკეთა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თეა წულუკიანი: მელია ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ პროფესიონალი „ხულიგანია“ – საინტერესოა, როგორ შეაფასებს მის ქმედებას ევროკავშირი

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ერთმანეთს  დაუპირისპირდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები