5 ივლისს ძალადობა და სიძულვილი მოდიოდა მათგან, ვისაც ზურგს უმაგრებენ რუსული ძალები, ყველა მოძალადე გამოვლინდება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ვირტუალურ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის, არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად არის ორგანიზებული.
კახა კუჭავას განცხდებით, რაც უფრო მეტად უახლოვდება საქართველო ევროპას, მით უფრო აგრესიულები ხდებიან ის ძალები, რომლებსაც სურთ, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე წარუმატებელი იყოს. მისივე თქმით, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 5 ივლისს ვიხილეთ.
„მოძალადე ბრბოს წევრთაგან ბევრი დააპატიმრეს და გამოძიების გაგრძელებასთან ერთად დაპატიმრებულთა რიცხვი გაიზრდება. ძალადობამ ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიწვია პროტესტი მედიის წარმომადგენლებისა და სხვების მხრიდან. ჩვენ ყველა შეძრულები ვართ ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გამო, ოპერატორის, რომელსაც სასტიკად სცემეს მოძალადე ბრბოს წევრებმა 5 ივლისს. მიმდინარე გამოძიება დაადგენს სიკვდილის მიზეზს, გამოძიება უნდა ჩატარდეს სწრაფად და გამჭვირვალედ. საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ამ გამოძების დეტალები. თუ საჭირო გახდება გამოძიებასთან დაშვებულები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები, რათა მისი სანდოობა უზრუნველყოფილი იყოს. საქართველოს პარლამენტი მზადაა ამ პროცესში ჩართულობისთვის ყველა შესაძლო მექანიზმით, რომელიც მისთვისაა ხელმისაწვდომი. მე კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და კოლეგებს, სოლიდარობას გამოვუცხადებ მათ“, – განაცხადა კუჭავამ.
