მეტი დიქტატურა, მეტი სიძულვილი, რადიკალიზმი და რასისტული განცხადებები – მსოფლიო პოლიტიკა ახალი რეალობის წინაშეა. ლიდერები, რომლებსაც პოლიტოლოგები ჰიტლერსა და მუსოლინს ადარებენ, სულ უფრო და უფრო პოპულარულები ხდებიან. ხალხი ირჩევს მათ, ვინც მიგრანტებს ნაძირლებს ეძახის, დებს პირობას, რომ ჩაკეტავს საზღვრებს, ღიaდ ამბობს, რომ შეზღუდავს სექსუალური თუ რელიგიური უმცირესობების უფლებებს და ზოგიერთი იმასაც არ მალავს, რომ წამების მომხრეა. საით მიდის ევროპა და საით მიჰყავს ლიბერალური საზოგადოება, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება ტოლერანტობა და ადამიანის უფლებებია, ბრუნდება თუ არა მსოფლიო ბნელ წარსულში თუ ეს ერთგვარი პოლიტიკური ციკლია, როცა ლიბერალიზს კონსერვატიზმი ცვლის და რამდენად არსებობს საფრთხე, რომ თანამედროვე სამყაროში ფაშიზმი დაბრუნდეს. რადიო „ფორტუნა“ ბოლო პერიოდის ყველაზე პოპულარული და რადიკალური მსოფლიო ლიდერების შესახებ მოგიყვებათ და პოლიტოლოგების მოლოდინებსაც გაგაცნობთ.

 

ეს 63 წლის ჟაირ ბოლსონარუა, რომელიც ბრაზილიის 55%-მა პრეზიდენტად აირჩია. წინასაარჩევნოდ მას ამერიკული პრესა „ქალთმოძულეს“ უწოდებდა, ბრიტანული – „რელიგიურ ნაციონალისტს“, ასევე „დიქტატურის მეხოტბეს“, უცხოელი ექსპერტები კი ბოლსონარუს ჰიტლერსა და მუსოლინს ადარებენ.

ასეთი ეპითეტების მიზეზს მაშინვე მიხვდებით, თუ ბრაზილიის პრეზიდენტის რამდენიმე ციტატას თვალს გადაავლებთ: „მე პატიმრების წამებას ვემხრობი“, „ჩვენ ბრაზილიელებს ჰომოსექსულები არ გვიყვარს და უმცირესობები უნდა შეიცვალონ“, „მთელი მსოფლიოდან ნაძირლები (მიგრანტები) ჩამობრძანდნენ, ვითომ საკუთარი პრობლემები გვაკლდა“, „თუ გსურთ ჩამოსვლა და ქალთან სექსი, რამდენიც გინდათ, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს ადგილი გეიტურიზმის სამოთხედ იქცეს“. 

 

https://www.theguardian.com/commentisfree/2018/oct/06/homophobic-mismogynist-racist-brazil-jair-bolsonaro

 

გარდიანი წერს, რომ ბოლსონარუ პოლიტიკოსების მიმართაც შეურაცმხყოფელი განცხადებებით გამოირჩეოდა. „მე თქვენს გაუპატიურებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ძალიან მახინჯი ხართ“ – ასე მიმართა ბრაზილიის პრეზიდენტმა ქალს, რომელიც კონგრესის წარმომადგენელია.

მის წინააღმდეგ ინტერნეტში არაერთი ვიდეორგოლი გავრცელდა სახელწოდებით F*** you, სადაც ბრაზილიის პრეზიდენტის რადიკალური, ჰომოფობიური და რასისტული განცხადებებია თავმოყრილი.

ეს განცხადებები ლიბერალური სამყაროსთვის მოულოდნელი და მიუღებელი იყო, რამაც მსოფლიო პრესა აალაპარაკა, თუმცა ბრაზილია რადიკალიზმში მარტო არ აღმოჩნდა. თუ მაგალითად, საფრანგეთში მარი ლეპენი ქვეყნის პირველი პირი ვერ გახდა, თუმცა მას საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავდა, სამაგიეროდ შუაგულ ევროპაში, ავსტრიაში ხალხმა პრემიერ-მინისტრად, როგორც ექსპერტები ამბობენ, პოპულისტი სებასტიან კურცი აირჩია. მართალია ის ბრაზილიის პრეზიდენტისგან განსხვავებით 63 წლის კი არა, 33 წლისაა, მაგრამ მისი რადიკალური ქმედებებისა და განცხადებების გამო, მას ხშირად ისლამოფობს უწოდებენ. კურცმა ავსტრიაში 7 მეჩეთი დახურა და რამდენიმე ათეულ იმამს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

„ჩვენი ქვეყანა არ არის პარალელური საზოგადოების, პოლიტიკური ისლამისა და რადიკალური ტენდენციების ადგილი“, – განაცხადა კურცმა.

ავსტრიის პრემიერი საზღვრების ჩაკეტვაზეც ღიად საუბრობს და ამბობს, რომ ოფიციალური ვენა მზადაა, შეზღუდოს უკანონო მიგრაცია იტალიისა და სლოვენიის საზღვარზე.

რადიო „ფორტუნა“ ამ თემებზე სასაუბროდ ექსპერტებს დაუკავშირდა, რომლებმაც ჩვენთან საუბარში ესპანეთის ვადამდელი არჩევნები და ტრამპის პოლიტიკაც გაიხსენეს.

ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ ის, რაც ახლა ხდება, პოპულიზმია. მისი თქმით, პერიოდულად საზოგადოების ნაწილში ჩნდება მოთხოვნილება, რომ ხელისუფლებამ სხვადასხვა მიმართულებით რადიკალური ნაბიჯები გადადგას. სწორედ ამ დროს, გიორგი ბადრიძის თქმით, ჩნდებიან პოპულისტი ლიდერები და სარგებლობენ ამ სიტუაციით.

გიორგი ბადრიძე: „მთავარი პრობლემა არის სირია. თავის დროზე ევროპას მიგრანტები სჭირდებოდა, სხვანაირად ეკონომიკურ დოვლათს ვერ შექმნიდნენ. მაგალითად, გერმანიაში, სადაც ხელისუფლება, ძირითადად, ბიუჯეტის ფულით ინახავდა ადგილობრივებს, აქ ვგულისხმობ, საპენსიო ასაკის მოქალაქეებს, სხვადასხვა სახის შემწეობის გაცემას, საჭირო იყო შრომისუნარიანი ხალხი, რომლებიც ამ დოვლათს შექმნიდნენ. სწორედ აქ დასჭირდა ევროპას მიგრანტები, თუმცა გარკვეული დოზით და გარკვეულ ჩარჩოში. სირიამ რეალურად დიდი პრობლემები შექმნა. ამის გამო, ევროპის ქვეყნებმა იმაზე მეტი მიგრანტი მიიღეს, ვიდრე სჭირდებოდათ. ამას მოჰყვა გახშირებული კრიმინალი, ტერორისტული აქტები (მაგ. საფრანგეთში), შესაბამისად დაიწყეს გარკვეული შეზღუდვები. ამან უკვე ხალხშიც გააჩინა მოთხოვნილება, რომ არ გვინდა მიგრანტები. სწორედ ამ დამოკიდებულობით ისარგებლეს პოპულისტმა პოლიტიკოსებმა. დღეს კი უკვე რასისტული და ჰომოფობიური განცხადებებიც გვესმის“.

ბრიტანეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა „ფორტუნასთან“ საუბარში ამერიკის პრეზიდენტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ტრამპი ამ ყველაფრის გამოვლინებაა, რის წინაშეც მსოფლიო აღმოჩნდა. გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ ტრამპის რასისტულმა და რადიკალურმა განცხადებებმა ერთგვარი ბიძგი მისცა ევროპაში მსგავსი პოლიტიკური ლიდერების პოპულარულობას.

ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე კი ამბობს, რომ ზოგადად პოლიტიკურ მეცნიერებებში ასეთი ტალღისებური ცვლილებები ისტორიაში პერიოდულად ხდება და ამის ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია.

„ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი სირია და ზოგადად მიგრანტების რაოდენობის ზრდაა. ისიც უნდა ითქვას, რომ  საზოგადოებაში ჭარბობს მასა, ვინც უფრო კონსერვატიზმისკენაა მიდრეკილი. სწორედ ამ ადამიანებით სარგებლობენ პოპულისტი პოლიტიკოსები და თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ სიტუაციას. ეს არ ნიშნავს, რომ ლიბერალიზმი უკან მიდის, ეს დროებითი ცვლილებაა. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოს გამოკვეთილი ლიდერები არ ჰყავს, რომლებიც გამოვლენ და იმ კონსერვატიულ მასას ეტყვიან, ერთი წუთით, ასე კი არა ისეა. სირიამ მოიტანა მთავარი პრობლემა. ნახეთ რა ხდება თუნდაც ესპანეთში. ქვეყანაში ბოლო 4 წლის განმავლობაში მესამედ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ვერც მემარცხენე და ვერ მემარჯვენე ბლოკმა მომდევნო ქვეყნის მართვისათვის საჭირო უმრავლესობა ვერ მიიღო და ეს შედეგი არსებული პოლიტიკური გაურკვევლობის გაგრძელებაა. ტრამპს რაც შეეხება, ტრამპამდეც იყო ეს ყველაფერი, უბრალოდ ტრამპის მოსვლამ კიდევ უფრო  მეტად შეუწყო ხელი მსოფლიოში რადიკალი ლიდერების გამოჩენას“, – აცხადებს ხარშილაძე.

კატეგორიები: ანალიტიკა

მსგავსი თემები