LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე-ჯაფარიძემ ხუთ წელში ვერ შეასრულეს ვერც ერთი ვალდებულება, ანაკლიის პორტი არ ააშენეს და დღეს ქვეყანას, ხალხს ედავებიან მილიარდ ხუთას მილიონს, ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა: ირაკლი ღარიბაშვილი

157
Untitled design (2)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2016 წელს ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ გააფორმეს ხელშეკრულება ინვესტორთან, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, თუმცა ინვესტორმა თავისი ვალდებულება არ შეასრულა.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ხაზარაძეს და მის პარტნიორ ჯაფარიძეს სამი მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული, დანარჩენი თანხები დაახლოებით, 20-25 მილიონი კი ინვესტორებისგან აქვთ მოზიდული“.

პრემიერი აცხადებს, რომ „ადამიანებმა ხუთ წელიწადში ვერ შეასრულეს ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდეს პროექტი, პორტი არ ააშენეს და დღეს ქვეყანას და ხალხს ედავებიან მილიარდ ხუთას მილიონს, რაც ძარცვის კლასიკური სქემაა“.

ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო – ღარიბაშვილი

„ყველას კარგად მოეხსენება, ჯერ კიდევ 2016 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ანაკლიის პორტი აშენებულიყო. მანამდე, ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს, ამ საკითხზე ღიად ვსაუბრობდით ყველა ტრიბუნაზე, ყველა პლატფორმას ვიყენებდით ამისთვის, მათ შორის გაერო-ს ტრიბუნიდანაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი გაცხადებული ინტერესი, პრიორიტეტი არის ამ პორტის აშენება. 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი. კარგად მოგეხსენებათ ყველას, ვინ არის ეს ე.წ. ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, ანუ ეს პორტი არ ააშენა.

ამ ვალდებულების მიხედვით, ჩვენ, თუ არ ვცდები, პირველი გემები უნდა მიგვეღო 2020 წელს. რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება – სამჯერ, ოთხჯერ. მიუხედავად ამისა, ინვესტორმა მაინც ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. ჩემი ინფორმაციით, თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორ ჯაფარიძეს სამი მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული, დანარჩენი თანხები მოზიდული აქვთ ინვესტორებისგან, დაახლოებით 20-25 მილიონი. სანაცვლოდ, მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას, მიწა ჩვენი იყო და უნდა გადაგვეცა, გადავეცით კიდეც, გზების, რკინიგზის მიყვანას, ასეულობით მილიონი დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი არ უნდა მიეღო. ანუ, რეალურად, ეს იყო საჩუქარი ბატონი ხაზარაძისთვის. მას შემდეგ, რაც 4-5 წლის შემდეგ ჩააგდო პროექტი, ვერ განახორციელა, ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა და რატომ? უჩივლეს ქვეყანას, არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს ედავებიან მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს. წარმოგიდგენიათ, რა ხდება? ადამიანმა ხუთ წელიწადში ვერ შეასრულა ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ედავება მილიარდ ხუთას მილიონს, ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არავითარი რეალური, გულწრფელი, კეთილსინდისიერი მიზანი და ზრახვა ამ პორტის აშენების მიღმა არ იდგა, ეს იყო ჩვეულებრივი გამდიდრების და ძარცვის იდეა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.