81 წლის ასაკში ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ქართული ფოლკლორი და მისი სახელი და გვარი განუყოფელია. მისი ღვაწლის შესახებ დღეს დილიდან წერენ სოციალურ ქსელში.
ერთ-ერთი მათგანი გახლავთ მუსიკოსი სვიმონ ჯანგულაშვილი. წმინდა სამების საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელი წერს, რომ ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის პანთეონში უნდა დაიკრძალოს და უერთდება სხვა ხელოვანების სურვილს ამასთან დაკავშირებით.
სვიმონ ჯანგულაშვილი წერს:
„სადაც არის ექვთიმე თაყაიშვილი,
სადაც დიდი და ღვთაებრივი ილიაა,
იქ უნდა იყოს
ანზორ ერქომაიშვილიც.
აქაც და იქაც.
მარადიულად!
და ეს პირველ რიგში, სჭირდება ქართველ ერს, ქართულ ხელოვნებას, ქართულ მუსიკას!“.
ამ სტატუსით ჯანგულაშვილი მიმართავს სალომე ზურაბიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, არჩილ თალაკვაძეს, თეა წულუკიანსა და კახი კალაძეს.
ამავე თემაზე წერს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილიც:
„ინტერნეტში რამდენიმე პატივსაცემმა პიროვნებამ გააჟღერა და მეც, ჩემი მოკრძალებული ხმით ვუერთდები მათ აზრს – ქართულ სახელმწიფოს დიდმა ექვთიმემ ისტორიული განძი შეუნარჩუნა, ბატონმა ანზორმა ქართველ ერს, სრულიად უნიკალური ქართული ხალხური სიმღერის ფასდაუდებელი არქივი შეუქმნა, მოიძია და ჩაიწერა, აღადგინა, აღმოაჩინა, თაობებს შეუნახა… წარმოუდგენელია, იმ დროში, რაც მას განგებამ მიაკუთვნა ამ ქვეყნად არსებობისა, მოასწრო იმდენი და თან ასეთი მაღალი ხარისხით. მოასწრო და დატოვა. ვფიქრობ, ლოგიკურია, მისმა სამუდამო განსასვენებელმა სწორედ დიდი ექვთიმეს გვერდით დაიდოს ბინა. ანზორ ერქომაიშვილი მთელი თავისი შემოქმედებითა და დანატოვრით ნამდვილად მთაწმინდის ბინადარია.“