მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები, 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალ გარემოებებზე საუბრობენ.
ისინი აცხადებენ, რომ გამოძიება უნდა დაიტერესდეს ბაქრაძის მობილური ტელეფონით, სადაც ინახება გარკვეული შეტყობინებები, რაც გამოძიებას დაეხმარება.
ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში მეგი ბაქრაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას, როგორც სამხარაულის ბიუროსგან, ასევე საგამოძიებო უწყებისგან.
ნინო ამაღლობელის განცხადებით, ადვოკატებმა მეგი ბაქრაძის მობილური ტელეფონის ამოღებისთვის გამოძიებას მიმართეს.
„ფორტუნას“ კითხვაზე, თუ რა შინაარსის მესიჯებზეა საუბარი, ადვოკატი პასუხობს, რომ როგორც კლინიკა „იმედის“ სამედიცინო პერსონალი წერს, ბაქრაძე პრაქტიკულად გარდაცვლილი წაიყვანეს თბილისში. ასევე მესიჯებში საუბარია, იმაზე, რომ 27 წლის ექთანს არ გაეწია დროული სამედიცინო დახმარება.
„რაც შეეხება მესიჯებს, რაც არის მეგის მობილურ ტელეფონში, ეს არის როგორც სამედიცინო პერსონალის, კლინიკა “იმედის” ბავშვთა განყოფილების პერსონალთა ჩატები, აგრეთვე სხვა განყოფილების წარმომადგენელთა მიმოწერა, რითაც დასტურდება, მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდგომ-გაეწია თუ არა დროული დახმარება და რა მოქმედებები ჩაატარა უშუალოდ სამედიცინო პერსონალმა მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
რაც შემიძლია გაგიმხილოთ, ამ ეტაპზე, არის ის, რომ პერსონალი საუბრობს ვაქცინაციის შემდგომ, დახმარების დაგვიანებაზე და იმაზე, რომ პრაქტიკულად, გარდაცვლილი წაიყვანეს თბილისში. ასევე პერსონალი საუბრობს ვაქცინაციამდე მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ შესაძლოა არც შეიძლებოდა მისთვის იმუნიზაციის გაკეთება.“-განაცხადა მეგი ბაქრაძის ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.
რა ინფორმაციაა მეგი ბაქრაძის ტელეფონში – ადვოკატები ვაქცნინაციის დროის შეცვლაზე საუბრობენ