„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლება შეეცდება, სახალხო დამცველის კანდიდატთან და იუსტიციის საბჭოს წევრებთან დაკავშირებით თანხმობას იანვარში მიაღწიონ.
როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა ყველა პუნქტი შეასრულა, აღნიშნულ ორ საკითხზე კი ოპოზიციის კონსტრუქციული მიდგომაა საჭირო:
„ჩვენ, ყველა პუნქტი შევასრულეთ, სადაც პასუხისმგებლობის აღება ცალმხრივად შეგვეძლო, ეს იყო კანონების მიღება – ყველა შესაბამისი კანონი არის მიღებული, ორ კანონთან დაკავშირებით მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით.
იქ, სადაც ცალმხრივად ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას, ის პუნქტები ვერ შესრულდა, ეს ეხება თანამდებობის პირების არჩევას, იქ ოპოზიციის კონსტრუქციული მიდგომა იყო საჭირო, რაც სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ. თუმცა, გაგრძელდება ძალისხმევა და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, იანვარში მივაღწიოთ კონსენსუსს სახალხო დამცველის კანდიდატთან და ასევე, იუსტიციის საბჭოს წევრებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.