“ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უალტერნატივოდ ეკუთვნის.
ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ წევრობის კიდევ ორ კანდიდატს – უკრაინას და მოლდოვას საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს:
“გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში და რომელიც შედარების საშუალებას იძლევა, მათ შორის, უკრაინასთან და მოლდოვასთან. ჩვენ თუ შევადარებთ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას უკრაინასა და მოლდოვას, ამ ორ ქვეყანას ყველა პარამეტრით ვუსწრებთ, “ნაციონალურ მოძრაობას” ამაზე საუბარი არ მოსწონს, მაგრამ ეს რეალობაა.
ასევე, არის პროგრესი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ 2012 წლიდან მოყოლებული. პროგრესი არის ფუნდამენტური. ორივე კრიტერიუმის მიხედვით, საქართველოს უალტერნატივოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ამაზე ყველასთან გვექნება საუბარი”, – თქვა კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას და აღნიშნა, რომ ამ მიმართვას ქვეყნისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს:
“ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ჩვენთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის. ეს დაახლოებით იგივეა, გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ხვალ ერთობლივი განცხადება. არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის, ასევე რასას და სალომე სამადაშვილს შორის. ისინი არიან “ნაცმოძრაობის” ლობისტები, სააკაშვილის, “ნაცმოძრაობის” მეგობრები და, რა თქმა უნდა, “ნაცმოძრაობის” მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება”, – აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის წევრებმა, ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართეს.