ალბათ, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ომის პარტიის განზრახვის ახალი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის განსაკუთრებული გამოვლინებაა, ჩართული არიან ენმ-სთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები.
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს არანაირი გამართლება არ აქვს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაუშვებელია და ჩვენ ამ აქტს კიდევ ერთხელ ვგმობთ, თუმცა ამ ქმედებისთვის უდანაშაულო მოქალაქეების დასჯა ასევე სრულიად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია. ენმ აგორებს კამპანიას საქართველოში რუსი მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღებაზე“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია ამ მასშტაბის კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ.
„ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის. ამგვარი მიდგომით ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი.
გარდა ამისა, ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი. შესაბამისად, ძალზე ლოგიკურია, რომ დისკრიმინაციული კამპანიის ავტორები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც გამსჭვალული არიან საერთო ზიზღით ქართული კულტურისა და ზოგადად, ქართველობის მიმართ და მათი კამპანიის უკან კონკრეტული ანტისახელმწიფოებრივი მიზნები დგას.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში