“ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესს პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ.
როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ვიღაცებისთვის ბიძინა ივანიშვილის არსებობა პრობლემაა და ყველა თავისი უბედურების პრობლემას მასში ხედავენ:
“ქვეყანაში რომ არის მშვიდობა, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს… ეტყობა, ეს არის ქვეცნობიერი თუ ცნობიერი, ფსიქოლოგიური პრობლემა და მათი რიტორიკის შემადგენელი ნაწილი.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დე ფაქტო სანქციები ივანიშვილის მიმართ უკვე მოქმედებს, მას აქვს შეჩერებული გადარიცხვები. მე არ მაქვს თანხებთან დაკავშირებით ინფორმაცია, თუმცა, ეს გადარიცხვები შეჩერებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად სანქციები მოქმედებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კაცისგან რაღაც უნდათ, თუ რა არის ეს, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. გაუგებარია რა უნდა უნდოდეთ, გარდა კონკრეტული რაღაცების, მაგრამ ამის განხილვაში ვერ შევალ. გამოდის რაღაც უნდათ ამ კაცისგან და ამიტომაც უნდათ პოლიტიკაში მისი დაბრუნებაც. ოპოზიცია პირდაპირ ითხოვს, რომ დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში. რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, მე ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის არსებული მდგომარეობა”, – თქვა კობახიძემ.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი “ქართულ ოცნებას” ახლა რჩევებსაც კი არ აძლევს:
“ვიღაცებისთვის ბიძინა ივანიშვილის არსებობა არის პრობლემა და ყველა თავისი უბედურების პრობლემას ამ კაცში ხედავენ. რაღაც სინდრომია და შეიძლება ფსიქიატრებმა ამას დიაგნოზი მოუძებნონ. აშკარაა, რომ არის ფსიქოლოგიური, თუ ფსიქიკური სინდრომი რასთანაც გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, 2012 წლიდან გამოჰყვათ ეს სინდრომი. მათ შორის, ქვეყანაში რომ არის მშვიდობა, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ არის სიმშვიდე, ამასაც როგორც ჩანს, ივანიშვილს აბრალებენ, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ეტყობა, ეს არის მათი ქვეცნობიერი თუ ცნობიერი, ფსიქოლოგიური პრობლემა, ეს არის მათი რიტორიკის შემადგენელი ნაწილი.
ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, გალერისაც წამოსცდა, რომ თუ ივანიშვილი პატრიოტია, ქვეყნიდან წავიდოდაო. ნახეთ, როგორ ესმით პატრიოტიზმი? პატრიოტი არის კაცი, რომელიც ქვეყანას ტოვებს.
არც ნოსტალგია გაუგიათ, არც რაიმე მსგავსი ფენომენი. აქედან ჩანს მათი დამოკიდებულება – პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს და უსამშობლო ადამიანებს უნდა ჩაჰბარდეთ ქვეყანა.
თქვენ იმ აქციებზე ნახეთ, რომ სცენაზე ვინც იდგა, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო იმ გაგებით, რომ არანაირი რწმენა არა აქვთ. ეს არის მათი დამოკიდებულება, რომ თუ ადამიანი პატრიოტია ქვეყნიდან უნდა გავიდეს, უსამშობლო ადამიანები კი, არა მარტო სცენაზე უნდა იდგნენ მართვის სადავეები უნდა აიღონ.
რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, ბაიდენის ადმინისტრაციის 90% არის ობამას ადმინისტრაციის გაგრძელება, ამიტომ ობამა ამერიკის არაფორმალური მმართველია? ღია წყაროებით შეგიძლიათ ნახოთ, რომ ობამა პირდაპირ არის ჩარეული პოლიტიკური რჩევების მიცემის კუთხით ბაიდენის საკადრო პოლიტიკაში, ეს არის ჩვეულებრივი ნორმა.
ერთადერთი, რაც შეიძლება ვიღაცამ თქვას ბიძინა ივანიშვილზე, არის ის, რომ ხომ არ აძლევს ვინმეს რჩევებს. არ გვაძლევს ამ რჩევებს, მაგრამ რჩევებსაც რომ გვაძლევდეს, ეს იქნებოდა ჩვეულებრივი ნორმა”, – აღნიშნა კობახიძემ.