კოვიდშემთხვევების ზრდის გამო, ჩინეთი 13-მილიონიან ქალაქ სიანის ბლოკავს

ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს ქალაქის დატოვება აეკრძალათ. სიანში შესვლას ვერ შეძლებენ ვერც სხვა რეგიონებიდან.

გადაწყვეტილება გასული კვირების კოვიდსტატისტიკის გაანალიზების შემდეგ მიიღეს – როგორც აღმოჩნდა, 9-დან 22 დეკემბრამდე ქალაქში ვირუსის 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს რიცხვი მნიშვნელოვნად დიდია გასული თვეების მაჩვენებელთან შედარებით.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქში “ომიკრონის” ვარიანტი დადასტურებული არ არის.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ადგილობრივები ქალაქის დატოვებას მხოლოდ ტესტის უარყოფით პასუხის წარდგენის შემთხვევაში შეძლებენ, ასევე მათ დასჭირდებათ სპეციალური ნებართვა დამსაქმებლისგან.

დღეიდან, ორ დღეში ერთხელ, სახლიდან გასვლას შეძლებს თითოეული ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი. ისინი გასვლას შეძლებენ მხოლოდ პროდუქტების შესაძენად, ამის შემდეგ კი პირდაპირ სახლში დაბრუნდებიან. ხოლო ოჯახის სხვა წევრები უნდა დარჩნენ სახლში.

ქალაქში შეჩერებულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, აკრძალულია ტაქსების გასვლა ქალაქიდან, სიანის გასასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ.

საგზაო პოლიციის მიერ, სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალაქის გზატკეცილები თითქმის ცარიელია.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები