LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრაკოვი – რჩევები კრაკოვში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

4147
კრაკოვი

კრაკოვის სრული სახელწოდება ასე ჟღერს: სამეფო დედაქალაქი კრაკოვი. ის ნამდვილად ამართლებს ასეთ საზეიმო სახელწოდებას. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის სამხრეთში მდებარე ეს საკმაოდ მსხვილი ქალაქი დიდი ხანია აღარ არის ქვეყნის დედაქალაქი, მასში დარჩა ქვეყნის მთავარი ქალაქისთვის დამახასიათებელი ღირსება და სილამაზე. სამეფო პეწი კი ყოველ ნაბიჯზეა.

ლეგენდა კრაკოვზე


კრაკოვის რაიონები

კრაკოვი 18 ნაწილად იყოფა, რომლებიც ოფიციალურად აღნიშნულია რომაული ციფრებით, მაგრამ პრაქტიკაში უფრო ისტორიული სახელებით მოიხსენიებენ. თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა თავმოყრილია რაიონ I-ში, ძველ ქალაქში. ტურისტები ძირითადად აქ ჩერდებიან, რათა ფეხით მივიდნენ ნებისმიერ ცენტრალურ წერტილამდე.

გარშემო რაიონები კი ძირითადად ახალმშენებლობებს, რელიგიურ ძეგლებსა და პარკებს წარმოადგენს. მწვანე ზონით საინტერესოა VII რაიონი ზვეჟინეცი. პოდგუჟეს რაიონში ნახავთ უჩვეულო არქიტექტურას, მაგალითად იულიას ვილებს.

რამდენიმე სასახლე, მათ შორის კიხმაიერების ან ვოძიცკების, პოპელის კარ-მიდამო და სტალინური არქიტექტურის ნიმუშები მდებარეობს ნოვა ხუტაში. ეს ადგილი სიმშვიდით არ გამოირჩევა, ხშირია ქუჩის ქურდობები და ამიტომ აქ დღის სინათლეზე მისვლა ჯობს.

 

ტრანსპორტი

ძველი ქალაქი ფაქტობრივად მთლიანად საფეხმავლოა, დანარჩენი ისტორიული ცენტრის ფარგლებში კი მარტივია ფეხით გადაადგილება: დიდი არ არის, ხოლო ქუჩები ძალიან ლამაზია. ასე რომ, ბევრ ტურისტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიძლება არც დასჭირდეს.

მიუხედავად ამისა, ტრანსპორტი საკმაოდ განვითარებულია. მეტრო არ არის, მაგრამ დატოტვლილი ავტობუსის ქსელია, 20 ტრამვაის ხაზი და საგარეუბნო-საქალქთაშორისო მატარებლები. ტრანსპორტი მკაცრად გაწერილი განრიგით დადის (5:00-დან 23:00 სთ-მდე). არის ღამის მარშრუტები, უფრო იშვიათად კი მოძრაობენ, მაგრამ რეგულარულად.

ქალაქში ძალიან ბევრი ტრამვაი დადის, გვიანობამდე მუშაობენ და დილით ადრე იწყებენ მუშაობას. ფაქტობრივად შუა ღამით ცოტა ხნით არ დადის. ასე რომ, თუ ქალაქის ცენტრს გვიანობამდე შერჩით, სანერვიულო არაფერია, ტრამვაი თითქმის სულ მუშაობს და ტაქსით მისვლა არ დაგჭირდებათ.
ტრამვაიში (ავტობუსშიც) ბილეთი უნდა დააკომპოსტიროთ, თუმცა ამის შემოწმებელი ხშირად არავინაა და არც თუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც მგზავრები უბილეთოდ ადი-ჩადიან.

ისე, ტაქსიც არც თუ ძვირია, ქალაქში მგზავრობა 25 ზლოტი დაგიჯდებათ (6:00-22:00 სთ). ღამე ფასები ძვირდება.

კრაკოვში კარგად მუშაობს ველოსიპედების გაქირავების სისტემაც.

 

PLN    10 პოლონური ზლოტი     5.9965

 

 

შოპინგი და სუვენირები

ძველი ქალაქი ის ადგილია, სადაც კრაკოვის სუვენირებს ყიდიან. აქ არის ჩვეულებრივი მაღაზიები, დროებითი დახლები და ბაზრობები.

კრაკოვიდან ჩამოიტანთ ქარვას, მინის ნაკეთობებს, ხის ანგელოზებს, ვაველის დრაკონის ფიგურებს და სხვა. ცენტრალურ მოედანზე კი ადგილობრივ დელიკატესებს გადააწყდებით: კრაკოვის საკონდიტრო ფაბრიკის შოკოლადებსა და კანფეტებს. ასევე ძეხვეულს, ლუდს, ლიქიორს და ცნობილ არაყ „ზუბროვკას“.

კრაკოვში სუვენირების ყიდვის გარდა, შეგიძლიათ ნამდვილი შოპინგით დაკავდეთ. სავაჭრო ცენტრები და ბუტიკები ბლომადაა, ფასები კი არ იკბინება. ძველ ქალაქში რამდენიმე საინტერესო მაღაზიაა, თუმცა დიდი ცენტრები გარეუბნებშია. ფასდაკლებების სეზონი კათოლიკური შობის შემდეგ იწყება. ხოლო ჩრდილო-დასავლეთით მუშაობს დიდი აუთლეტი, სადაც მუდმივად არის ფასდაკლებული საქონელი.

ქალაქის მთავარ მოედანზე კი ქალაქის მთავარი ბაზრობა-ღირშესანიშნაობაა (Rynek Glowny). აქ სიძვირე შეინიშნება და უფრო სუვენირები და ლამაზ-ლამაზი საოჯახო ნივთებია თავმოყრილი.

კრაკოვში საკმაოდ განვითარებულია პატარ-პატარა ბაზრები. ასეთ ადგილებში თუნდაც ხილი ბევრად იაფია, ვიდრე ტურისტულ ადგილებში. ეს ბაზარი კი ჩვენთან მეტროსადგურებთან რომ არის დაახლოებით ისეთია: მარწყვი, ოთახის ფეხსაცმელი და მაგიდის გადასაფარებელი ერთად იყიდება (ბუნებრივია ათასი სხვა რამეც).

ამის უთქმელობაც ვერ იქნება: ძალიან მაგარია გალერია კრაკოვსკა (Galeria Krakowska). ეს თბილისის ცენტრალის მსგავსია. სადგურისა და სავაჭრო ცენტრის ნაზავია. ოღონდ თბილისი მოლს საგრძნობლად აღემატება და ისეთი ბრენდებიცაა, რომელიც ჯერ ჩვენში არ შემოსულა. ჩვენნაირი ტურისტი უფრო სეილმიწერილ მაღაზიებს უნდა მიეტანოს, სადაც თუ სეილია მართლაც რომ სეილია.

 

 

კრაკოვის სამზარეულო და რესტორნები

კრაკოვში ბევრია აუთენტური რესტორანი, სადაც ამზადებენ როგორც ტრადიციულ კერძებს, ასევე მსოფლიო ხალხების სამზარეულოს. ერთ-ერთი უძველესია Wentzl (ბაზრის მოედნის სიახლოვეს), რომელიც1792 წლიდან მოქმედებს. არანაკლებ პოპულარულია Singer Cafe საოცარი ინტერიერით, ანტიკვარიატითა და დასამახსოვრებელი კაპუჩინოთი.

საერთოდ, კაფე-რესტორნები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და არც თუ ძვირადაც გამოხვალთ. ვახშამი ზომიერი ალკოჰოლით დაახლოებით 50 ზლოტი დაგიჯდებათ.

პირდაპირ ყველაზე მაგარ ადგილზე ქართული რესტორანიცაა წამოჭიმული – „ქართული ხაჭაპური“ (Gruzinskie Chaczapuri). სხვათა შორის, იქვე ახლოს მეორეცაა გახსნილი. ერთ-ერთი კი სტრიპტიზ კლუბის (Wild Night) გვერდზე მდებარეობს.

მთელ კრაკოვში (ცენტრსა თუ გარეუბნებში) ლამის ყველგან არის პეკარნია (Piekarnia & Cukiernia), სადაც მადისაღმძვრელ უგემრიელეს პურ-ფუნთუშეულს ამზადებენ.

ყველგან არის თურქულ-ბერძნული ქებაბი (ოღონდ ჩვენ რომ ვიცით ის ქაბაბი არა, უფრო ფორმაშეცვლილი შაურმისმაგვარია), ფასიც ძვირი არ გამოდის და იმხელაა, მთელი დღე მოუნდები ბოლომდე ჩაყვანას. ნაყინი მთელ ქალაქში უგემრიელესია, ბურთულების დიდი არცევანია და ძვირიც არ ღირს. ყავახანაში ზოგან ყავა (სხვათა შორის, პოლონურად კავა) დაახლოებით 1 ევრო ღირს. მაღაზიას და ადგილს გააჩნია წყლის, ხილის და მსგავსი პროდუქტების საყიდლად. საერთო ჯამში, ძვირი არ არის (ევროების მიხედვით).

 

კრაკოვის ღირსშესანიშნაობები

კრაკოვის მთელი ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ნებისმიერი ტურისტი ადრე თუ გვიან აღმოჩნდება ბაზრის მოედანზე – ეს ვრცელი სივრცე შუასაუკუნეების არქიტექტურით არის გაშენებული. ის 1257 წელს ააგეს, დღევანდელი იერი კი მე-17-19 საუკუნეებში მიიღო. თუმცა მაინც შენარჩუნებულია აღორძინების და ბაროკოს ეპოქა. მოედნის მთავარი ღირსშესანიშნაობებია რატუშა, წმინდა ვოიცეხის ეკლესია, ადამ მიცკევიჩის ძეგლი, ზბარასკის სასახლე და მარიაცკის ეკლესია.

დაათვალიერეთ ეპისკოპოსების სასახლე (უკავშირდება კაროლ ვოიტილას – რომის პაპ იოანე პავლე II-ს. ის ამ შენობაში ცხოვრობდა და პაპად არჩევის შემდეგაც დადიოდა აქ). გაიარეთ მარშრუტი „სამეფო გზა“, რომელიც ქალაქის მთავარ სანახაობებს მიუყვება.

კიდევ ერთი სახელგანთქმული ადგილი – სამეფო ანუ ვაველის სასახლე. ამ არქიტექტურულ ანსამბლში შედის რამდენიმე სამეურნეო ნაგებობა, საკათედრო ტაძარი, ასევე სამლოცველო. სასახლეში კიდია სიგიზმუნდის ზარი, რომელიც ლეგენდის მიხედვით ორიდან ერთ სურვილს ასრულებს: მოაქვს ფული ან სიყვარული. ოღონდ ერთი უნდა აირჩიოთ (მარცხენა ხელით უნდა შეეხოთ).

ქალაქს უკავშირდება მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული მოვლენები. სწორედ აქ არის ებრაული დასახლება კაზიმეჟი, რომელიც მოგვიანებით კრაკოვის ნაწილი გახდა. სწორედ კრაკოვში საქმიანობდა ოსკარ შინდლერი, რომელმაც თითქმის 1200 ადამიანი გადაარჩინა. მეწარმის მიერ გახსნილი ფაბრიკა დღეს მუზეუმია, ხოლო კაზიმეჟში ცნობილი ფილმის „შინდლერის სიის“ გადაღებები მიმდინარეობდა.

ამ ლამაზ ძველ ქალაქს გარშემო სიმწვანეში ჩაფლული ხეივანი გასდევს (Planty Park) და მთლიანად წრეს ურტყამს სასეირნო მწვანე ბილიკი. ის დანგრეული საციხო კედლის ადგილზეა გაშენებული.

ბავშვებთან ერთად მოგზაურები სიამოვნებით მიდიან აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ აკვაპარკში ან ზოოპარკში.

ხელოვნების მოყვარულები კი ლეონარდო და ვინჩის ნახატის „ქალი ყარყუმით“ სანახავად დადიან.

შეგიძლიათ ქალაქს ტვარდოვსკის კლდიდან გადმოხედოთ. ეს არატურისტული ადგილი ქალაქის ფარგლებშია მოქცეული. კლდიდან საოცარი ხედია ძველ ქალაქზე. ადგილამდე მისვლა ავტობუსით და ტრამვაით შეიძლება. კლდეებს შორისაა თვალწარმტაცი ტბა.

გარეუბანში, ძველი აეროპორტის Krakow-Rakowice-Czyzyny ადგილზე მდებარეობს უმსხვილესი ავიაციის მუზეუმი, სადამდე ტრამვაით მიხვალთ (გაჩერება ul. Wieczysta ან AWF).

კრაკოვი განთქმულია საოცარი ვიტრაჟებით (ე.წ. ვისპიანსკის ვიტრაჟები), რომელთა ნახვა ქალაქის მრავალ ადგილზე, მათ შორის ეკლესიებშია შესაძლებელი. ასევე მოქმედებს ვიტრაჟების სახელოსნო-მუზეუმიც.

რა ვნახოთ კრაკოვის სიახლოვეს

კრაკოვი თავისთავად ლამაზია, მაგრამ მის სიახლოვესაც არის არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა.

პშჩინის სასახლე, სამონადირეო სასახლე პრომნიცაში და ბენედიქტიანელების სააბატო ტინცში.

რენესანსის პშჩინის სასახლეს „აღმოსავლეთის ლუვრს“ უწოდებენ. მდიდრული, უამრავი გალერეით ცნობილი 1636 წლიდან გახდა. ინგლისური სტილის ლანდშაფტური პარკით განუმეორებელ სასახლე-პარკის ანსამბლს ქმნის.
ეს სასახლე და პრომნიცაში სამონადირეო სახლი ადრე ჰოხბერგების საგვარეულოს ეკუთვნოდა და ევროპის ამ ნაწილში ყველაზე ლამაზ და კარგად შენახულ არქიტექტურის ძეგლებს მიეკუთვნება.

კრაკოვიდან უამრავი ტურისტული ბიურო ექსკურსიებს გთავაზობთ. ჩამოთვლილი ადგილების მონახულება დაახლოებით 90 ევროა (სააგენტოების მიხედვით ფასებში მცირეოდენი განსხვავებაა, თუმცა დიდი რა თქმა უნდა ვერ იქნება).

როგორც წესი, შეთავაზებულ ფასში შედის სატრანსპორტო გადაადგილება, შესასვლელი ბილეთები და გიდი.

ოიცოვსკის ეროვნული პარკი კრაკოვიდან 30 კმ-შია. აქ ძალიან ლამაზი ბუნება და პესკოვის სასახლეა, სიძველის შესანიშნავი ძეგლი.

ოსვენციმი

საკონცენტრაციო ბანაკი აუშვიც-ბირკენაუ (ან ოსვენციმი) კრაკოვიდან 60 კმ-შია. ოსვენციმი ფაშისტური რეჟიმის მილიონობით მსხვერპლის ძეგლია. ეს ევროპაში ადამიანების განადგურების უდიდესი ადგილი იყო, აქ 4 მილიონი ადამიანი დაიღუპა. კრემატორიუმი, სახრჩობელა, გაზის კამერები, ყაზარმები – ყველაფერ ამის ნახვა შეიძლება და იმის შეგრძება თუ რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა ამ ადგილას.

უმჯობესია კრაკოვიდან ექსკურსია აიღოთ, თუმცა დამოუკიდებლადაც შეიძლება. ჯობს დილით ადრე გახვიდეთ, რადგან ვიზიტორების რაოდენობა დიდია და ლიმიტირებულიც. შესაძლოა გვიან ჩასული ვეღარც შეხვიდეთ. ექსკურსიის საშუალო ფასი 70 ევროა, ადგილზე ბილეთები უფრო იაფია. ექსკურსიაში შედის ორი ლოკაცია. აუშვიც I, ანუ მემორიალი და მუზეუმი და აუშვიც II, სადაც მდებარეობდა გაზის კამერები და კრემატორიუმებია და ამჟამად ძირითადად ნანგრევებია. მათ შორის მანძილი დაახლოებით 1.5 კმ-ია, მნახველები უფასო ავტობუსს გადაჰყავს. ტური დილის 7:00-8:00 საათზე მაინც იწყება.

ვრცლად იხილეთ ბმულზე

ვიდეო

 

ველიჩკა

ეს მთელი მიწისქვეშა ქალაქია და არა მარტო მარილის შახტა. მიწისქვეშეთში ყველაფერი მარილითაა გარშემორტყმული. შახტაშია სამლოცველო, ქანდაკებები, სანატორიუმი, მარილის კრისტალებიანი ჭაღი, კაფე-რესტორნები.
ექსკურსიის საშუალო ფასი 45 ევროა, თუმცა აქ დამოუკიდებლად წასვლა და ადგილზე ბილეთის შედარებით იაფად ყიდვა (თუმცა 30-35 ევრო მაინც დაგიჯდებათ, შეღავათებია საოჯახო პაკეტზე და ა.შ.) არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

ვრცლად იხილეთ…

ვაველის სასახლის ძირში ევროქალაქების აბრაა გამოკიდული და ჩვენი დედაქალაქიც აწერია – თბილისი კრაკოვის დაძმობილებული ქალაქია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g