LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის კურსის ვარდნის ძირითადი ფაქტორი შეფერხებული ტურიზმია: ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

95
პაპუნა ლეჟავა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ლარის კურსის ვარდნის ძირითადი ფაქტორი შეფერხებული ტურიზმია.

მისივე განცხადებით, საქართველომ 2020 წელს ტურიზმის სექტორისგან 3 მილიარდამდე შემოსავალი დაკარგა.

ლარის კურსის ვარდნა ძირითადად შეფერხებული ტურიზმით არის გამოწვეული, ამ სექტორისგან საქართველომ მხოლოდ 2020 წელს 3 მილიარდამდე შემოსავალი დაკარგა, აღსანიშნავია, ასევე 2019 წელს რუსეთის მხრიდან ფრენების შეზღუდვა, ამას ემატება ჩვენს მეზობელ და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტის გაუფასურება და არასტაბილურობა, ეს ყველაფერი მოქმედებს ლარის კურსის ვარდნაზე“ – აღნიშნა ლეჟავამ.

პაპუნა ლეჟავა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივასაც ეხმიანება, რომელიც ეროვნული ბანკის მხრიდან ლარის კურსის მართვის გეგმის შექმნას გულისხმობს. მისი განცხადებით, ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან მისასალმებელია, ამიტომ მსგავსი ტიპის განხილვებში ჩასართავად ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს.

„ჩვენთვის მისასალმებელია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი, რაც შეეხება, ლარის კონკრეტული კურსის ტარგეტირებას, ეს ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა, არც მომავალში ვგეგმავთ ამის განსაზღვრას, ლარის კურსის მერყეობის შემცირება კარგია, ჩვენც გვაქვს ამ მიმართულებით გარკვეული ინიციატივები და მსგავსი ტიპის განხილვებში სიამოვნებით ჩავერთვებით“ – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა.