LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეგულაციების შესახებ კანონი დამტკიცდა, რეგულაციები 1 მარტიდან ამოქმედდება

736
1

პარლამენტმა ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეგულაციების შესახებ კანონი დაამტკიცა.

კანონპროექტს მხარი 82 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა ერთი.

ახალი რეგულაციები, გარდა საგადასახადო ცვლილებებისა, 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება. საგადასახადო ცვლილებები კი 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში.

რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები:

➤  აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას:

კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობა აკრძალული იქნება.

➤  შეიქმნება დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა სია:

კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პირი თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას, ასევე მისი ოჯახის წევრი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

➤  განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრეც და აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ – საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირებს, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირებს და ასევე სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს.

ამავე პროექტით, ქართული საგადასახადო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით ონლაინგადახდები იკრძალება.

➤   პროექტით, ყველა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალებათ, ურთიერთობა დაამყარონ უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი პუნქტების გაჩენას, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევასთან იქნება დაკავშირებული.

➤  ასევე, ცვლილებები შედის რეკლამის შესახებ კანონში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კანონსა და სხვა კანონებში.

აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება – შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.

 

მიღებულ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მხარდაჭერისთვის პარლამენტს მადლობას უხდის 

 

პრემიერ-მინისტრი მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

“პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ჩემ მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც ონლაინ სათამაშო ბიზნესის საქმიანობას არეგულირებს.

2022 წლის 1-ლი იანვრიდან, სექტორის დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.

1-ლი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.

ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.

1 მარტიდან, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც.

აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე – რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.

სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხს, ვინც პირველივე დღიდან უჭერს მხარს ამ დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივას, რომელიც ერთადერთ მიზანს – ჩვენს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით – ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ისახავს”, – წერს ღარიბაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები