LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლულუ კახიანი შვილის გარდაცვალებაზე: „მინდა, ლენო ხედავდეს, თურმე როგორ გვიყვარს…“

70918
lulu-kaxiani-fortuna

ტელესახე ლულუ კახიანისა და მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის 15 წლის გოგონა ლენო ამ წლის ივნისში გარდაიცვალა. გადაწყვეტილება ღამით მიიღო, როცა მამა სტუდიაში მუშაობდა, დედას და პატარა დას კი ეძინათ… ღამის ოთხის ნახევარზე ლულუ ხმაურმა გააღვიძა… კარზე აბრახუნებდნენ. ლულუ ამბობს, რომ როცა კარი გააღო და თავჩაქინდრული სამი მამაკაცი დაინახა, მიხვდა რაც მოხდა. „გადახტა?“, ჰკითხა მათ.

მომხდარი ტრაგედიის შესახებ ლულუს აქამდე არ უსაუბრია. მას არ უყვარს საჯაროდ ემოციების გამოხატვა… თავისი შვილის ნახატების გამოფენას მალე მოაწყობს და იცის, რომ ამ დროს ლენოც მათთან ერთად იქნება და ბოლოს და ბოლოს დაინახავს, როგორ უყვართ თავისი ოჯახის წევრებს… (ინტერვიუ და ფოტოსესია კაფე „ორანჟერეაში“ შედგა)

ლულუ, როგორი გოგო იყო ლენო?

გამორჩეული… მგონი, ეს იყო მისი პრობლემა. გამოირჩეოდა როგორც ვიზუალით, ჩაცმის სტილით, ასევე ქცევით, ინტერესებით და ამიტომ თავადაც ამბობდა, რომ ყოველთვის უჭირდა ადგილის დამკვიდრება, თავისი ცხოვრების გზაზე ბევრ წინააღმდეგობას ხვდებოდა, დასცინოდნენ კიდეც სხვადასხვა წინდა რატომ გაცვიაო. ხანდახან მეც ვეუბნებოდი შენიშვნას ჩაცმულობასთან დაკავშირებით, მაგრამ მპასუხობდა, რომ ასე მოსწონდა. შემდეგ მის ჩაცმაში უკვე აღარ ვერეოდი. ერთი პერიოდი გამუდმებით შავებს იცვამდა და მაფრთხილებდა, რომ მისთვის არაფერი ჭრელი არ მეყიდა, შემდეგ – სულ ფერადებს. ბოლო პერიოდის სურათებზე ჭრელი ბავშვია. თმაზეც ყველანაირი ექსპერიმენტი ჩაიტარა, თავად ყიდულობდა ტონიკებს და სახლში იღებავდა, თმას საწრუპებითაც იხვევდა. არ უყვარდა ერთი კონკრეტული რაღაცის ამოჩემება.

ბოლოს გადაწყვიტა, რომ თმას აღარ შეიღებავდა, რადგან ხარისხი გაუფუჭდა და შეიჭრა. ძალიან მომწონდა მისი მოკლე ვარცხნილობა.

ლენო ზედმეტად ემოციური იყო. ვერ ვიტყვი, რომ ეს მას მხოლოდ ბოლო წლებში ახასიათებდა. თავიდანვე ემოციური და რევოლუციონერი ბავშვი იყო, ბაღშიც კი. ყოველთვის ცდილობდა თავისი გაეტანა და გაჰქონდა კიდეც, რადგან მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევდით, ჩაცმა იქნებოდა ეს, პირსინგის გაკეთება თუ სხვა რამ. რაღაც შეზღუდვებს მაინც ვუწესებდით, ისევ და ისევ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. გამუდმებით ვკამათობდით სახლში გვიან მოსვლაზე. მეშვიდე კლასიდან ხასიათის რადიკალური ცვლილებები დაეწყო, თავისი აზრის გატანისთვის უხეშ მეთოდებს მიმართავდა, მინდა და მორჩა… კარს იჯახუნებდა, ტიროდა. მეშვიდე კლასამდე ძალიან კარგად სწავლობდა, შემდეგ ინტერესი გაუნელდა – რაც არ აინტერესებდა, იმას საერთოდ არ ეკარებოდა.

რასაც ჰყვები, ბევრ თინეიჯერს ახასიათებს…

დიახ, თითქოს ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ყველა ოჯახი ბავშვს ამაში ვერ აჰყვება. ჩვენ ბევრ რამეში გავყევით, მაგრამ ვერასოდეს შევთანხმდით სახლში გვიან მოსვლაზე და ტელეფონის “დამიჯდა, ვერ დავტენე”-ზე. მეგობრების წრე ხშირად ეცვლებოდა, რადგან რთული ხასიათი ჰქონდა. თავად ერთგული მეგობარი იყო და სხვებისგანაც ამას მოითხოვდა… ხშირად ვეუბნებოდი, რომ ცხოვრება მის წრეს გაფილტრავდა და მის ცხოვრებაში მხოლოდ ნამდვილი მეგობრები დარჩებოდნენ… მიუხედავად ამ საუბრებისა ლენო ყველა წაკამათებასა და დაშორებას მტკივნეულად აღიქვამდა და განიცდიდა. განიცდიდა იმასაც, თუკი ვინმე მოსწონდა და ის ყურადღებას არ აქცევდა.

როგორი ურთიერთობა გქონდათ? შენ გიყვებოდა პირადი ცხოვრების ამბებს?

მიზიარებდა, საკმაოდ ახლოს ვიყავით, თუმცა რამდენჯერმე ჩემი აზრი რომ ვუთხარი, მიპასუხა, აღარ მოგიყვები არაფერსო. ჩემგან რჩევებს არ იღებდა. ჩემი მეგობრებისგან უფრო გაითვალისწინებდა, ვიდრე ჩემგან. ხშირად ვკამათობდით. კამათის ძირითადი მიზეზი სკოლის სისტემატიური გაცდენა იყო. სიმართლე გითხრათ ბოლოს ამ თემაზეც აღარ ვეჩხუბებოდი. ხშირი გაცდენების გამო გამოცდების ჩაბარება უწევდა და ამას თავს ართმევდა. ძალიან ნიჭიერი იყო, საკმარისი იყო ერთხელ გადაეკითხა მასალა და ზედმიწევნით ზუსტად მოგიყვებოდათ. საკმაოდ ნაკითხი იყო. სხვანაირად აზროვნებდა, დიდი ადამიანივით. მეგობრებიც შედარებით უფროსი ასაკის ჰყავდა. ლენოზე ვერ იტყოდი, რომ 15 წლის იყო. როცა ერთად სადმე მივდიოდით, ყველას უკვირდა, რომ ამხელა შვილი მყავდა.

ლულუ, რაიმე ნიშანი, წინაპირობა ჰქონდა მის საქციელს?

აპრილში მისი ორი მეგობარი ავარიაში მოყვა და ერთ-ერთი ადგილზევე გარდაიცვალა (ნიკა ჯორჯაძე – სალომე გველესიანისა და მევლუდ მელაძის ვაჟი – ავტ.შენ.), მეორე მოგვიანებით – საავადმყოფოში. როცა მეორე მეგობარიც გარდაიცვალა, ვაკვირდებოდი ლენოს, მეშინოდა, დეპრესიისკენ არ წასულიყო, მაგრამ ჩვეულებრივად იქცეოდა. მეგონა, რომ გადახარშა და შეეუგუა ამ ტრაგედიას. წერდა პოსტებს, აქვეყნებდა ბიჭების ფოტოებს, მაგრამ ოთახში არ ჩაკეტილა, ძალიან მშვიდად იყო. ალბათ, უკვე ფიქრობდა იმაზე, რაც უნდა გაეკეთებინა. თავის დღიურშიც რომელსაც 28 დღე წერდა, ასე უწერია. დღიური კომპიუტერში ჰქონდა შენახული, ამ დრომდე არასდროს გვინახავს… ასე ვთქვათ, პრივატულობა დაცული ჰქონდა. რამდენჯერმე მისი მიმოწერა შემთხვევით წავიკითხე, რაზეც გაბრაზდა… მას მერე დავპირდი, რომ არასდროს წავიკითხავდი მის პირად ჩანაწერებს.

ვფიქრობ, არასწორი მიმართულება აირჩია. შეეძლო, სხვანაირად გადაელახა ეს კრიტიკული ეტაპი. მეგობრებთან ერთად ვსაუბრობთ ხოლმე რომ გადაელახა ეს პერიოდი, როგორ იცხოვრებდა შემდეგ. ალბათ დეპრესიული ფონი მაინც ექნებოდა, თუმცა რადიკალურ გადაწყვეტილებას აღარ მიიღებდა და პრობლემას სხვანაირად მოაგვარებდა.

რამდენიმე წელი ფსიქოლოგებთან დამყავდა, მაგრამ ბოლოს ამ ვიზიტებზე უარი განაცხადა. ზოგადად თინეიჯერები ხშირად აპროტესტებენ სპეციალისტებთან საუბარს, მათთან ჩაკეტილები არიან. ან ფიქრობენ, რომ თავად მოაგვარებენ, ან არ სურთ შინაგანი ემოციებისა და კომპლექსების უცხო ადამიანებისთვის გაზიარება. ჰგონიათ, რომ არავინ დაეხმარება. ზედმეტად არიან დარწმუნებულები საკუთარ თავში, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ თავადაც ვერ ეხმარებიან საკუთარ თავს… ამ ასაკში ხელის წაშველება სჭირდებათ. მე ვეცადე, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ყურადღება მოვაკელი. ლენოს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარდა და ამას ითხოვდა, პირდაპირ არა, მაგრამ თავისი საქციელით, იქნებოდა ეს კარის მიჯახუნება თუ პროტესტი. შეიძლება, ვიღაცამ გამკიცხოს კიდეც, მაგრამ ძალიან რთულია, 24 საათის განმავლობაში მიჯაჭვული იყო შვილზე და შენი კონტროლის ქვეშ გყავდეს. ჩემგან მგონი, მხარდაჭერა დააკლდა. შემეძლო, უფრო მეტად გამეგო მისთვის და უფრო დამეცვა…

შეცდომა იყო თავისუფლების მინიჭება?

ვფიქრობ, ზოგადი რეცეპტი არ არსებობს. ზუსტად ვერავინ იტყვის, რა იყო კონკრეტული მიზეზი. შეიძლება, ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ვერ გაუძლო ემოციების მოზღვავებას. შესაძლებელია, რომ ლენოს მოტივაცია იყო ბრაზი, შურისძიებაც კი, ყველაზე… დღიურში მიმართავს მეგობრებს, თქვენ აუცილებლად ინანებთ ყველა იმ დღეს, როცა უარი თქვით ჩემთან ურთიერთობაზე, როცა არ გამომყევით, როცა ხელი არ გამომიწოდეთ მაშინ, როცა მჭირდებოდა, გთხოვეთ და ზურგი მაქციეთ, მე თქვენთვის იდეალური მეგობარი გავხდები და გპირდებით, რომ ასე იქნებაო… ხშირად ვფიქრობ, როგორ მოიკრიფა გამბედაობა და ჯერაც ბოლომდე თავში ვერ ვალაგებ… სიკვდილისთვის განწირული ადამიანი ნამდვილად არ ყოფილა. იყო ძალიან ნიჭიერი და ლამაზი, ფანტასტიკურად, ხატავდა, შესანიშნავად ფლობდა უცხოურ ენებს, ძალიან წარმატებული ცხოვრება ექნებოდა… მეორე მხრივ, ყველა ასეთ ადამიანს გააჩნია ბნელი მხარეები, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე გამომეპარა გადამწყვეტი მომენტი და ვეღარ დავაკავე. თავისუფლებაზე მკითხეთ და ალბათ, უხეში მეთოდებიც უნდა გამომეყენებინა… უნდა გადამეკეტა კარი, მაგრამ სახლში ვერ გამოვკეტავდი…

ამ თაობას ახასიათებს კარჩაკეტილობა და მშობლებისგან გარიყულად ცხოვრება?

რასაც ვაკვირდები, ეს პრობლემა ბევრს აქვს. მიჭირს მშობლებისთვის კონკრეტული რჩევის მიცემა. ეცადეთ შვილებთან იმეგობროთ. ეს არის ის რჩევა, რომელიც ორივე მხარისთვის სასიკეთოა. არ ვიცით, რა ხდება მათ თავში. ერთს ამბობენ, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ. მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია. ვთქვათ, არ მოგწონს პირსინგი, მაგრამ არ დაუშალო, მობეზრდება და თავად მოიძრობს დროთა განმავლობაში. იმ მომენტში შვილებს უნდა „გავუსწოროთ“. ბავშვმა უნდა თქვას და იგრძნოს, რომ მისი მშობლებისთვის ეს მნიშვნელოვანია.

ცხოვრება მნიშვნელოვანი ადამიანის გარეშე…

ლენო გამუდმებით ჩემს თავშია. მგონი, მიაღწია იმას, რასაც უნდოდა. 24 საათის განმავლობაში, როცა არ მძინავს, ჩემი ფიქრები მას ეკუთვნის. სწორედ ამას ითხოვდა. რაღაც პერიოდებია, როცა მგონია, რომ სასწავლებლად არის წასული, მაგრამ რომ ვერ ვურეკავ და ვერ ვეკონტაქტები, რეალობას თვალს ვუსწორებ. ვცდილობ გავექცე რეალობას, მაგრამ არ გამომდის, იმიტომ რომ ბავშვი არ არის… არის მხოლოდ ვიდეოები და ფოტოები… და მისი ხმა, რომელიც გონებაში მყარად მაქვს ჩაბეჭდილი. მისი ხმა გამუდმებით მესმის. ხშირად ვფიქრობ რას იზამდა და რას იტყოდა ამა თუ იმ სიტუაციაში. ცოტა ეგოისტურად გამომდის, მაგრამ თინეიჯერებს რომ ვხედავ, ლენოს იმ გარემოში „ვსვამ“… ასე მოხდა მაგალითად სკოლა რომ დაიწყო. ლენო მეათე კლასში წავიდოდა, პირველ დღეს აუცილებლად მივიდოდა სკოლაში და წარმოვიდგენდი რას ჩაიცვამდა… ცოტა ხნის წინ ნინის დაბადების დღე იყო და წარმოვიდგინე როგორ მიულოცავდა თავისი როხროხა ხმით… თუ არსებობს, და მინდა, სადღაც არსებობდეს, მსურს ესმოდეს ჩემი, ხედავდეს, თურმე როგორ გვყვარებია…

უამრავმა ადამიანმა ნახა გიორგის ინტერვიუ ნანუკას შოუში. თავს იდანაშაულებს… ამ ტრაგედიას ერთად როგორ უმკლავდებით?

ამის გადალახვა შეუძლებელია. ეს არის ის, რამაც ჩვენ ორნი სამუდამოდ დაგვაკავშირა. არა აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნებით და როგორ. ეს ძაფი არასდროს გაწყდება. თავს მეც ვიდანაშაულებ… ალბათ, გარკვეულწილად ყველა დაიდანაშაულებდა. გიორგი ძალიან ემოციურია და ძალიან განიცდის. მეც განვიცდი, მაგრამ გიორგი უფრო გამოხატავს. ვცდილობ, „იმედი მივცე“, რომ მარტო ის არ არის დამნაშავე… ბევრი ფაქტორი იყო ისეთი, რამაც ამას შეუწყო ხელი. პირველ რიგში კი, ეს გადაწყვეტილება ლენოს ეკუთვნის. ეს შეიძლება, ნებისმიერს დაემართოს; იდეალურ მშობელს ან პირიქით, ისეთს, რომელიც დღე და ღამ დაფოფინებს შვილს ან ყველაფერს უკრძალავს, ან ისეთს, რომელსაც საერთოდ მიგდებული ჰყავს და ყურადღებას არ აქცევს.

მე და გიორგი ხშირად ვსაუბრობთ და ვცდილობთ ამ ჩვენ ტკივილს სხვა დინება მივცეთ, იმიტომ რომ გვყავს შვილი და ის არის ჩვენი მთავარი სტიმული. ნინიმ რა დააშავა?! ნინისაც უნდა ბედნიერი მშობლები. ემოციების კონტროლი დასაწყისში უფრო რთული იყო, მუდმივად ცრემლიანი მქონდა თვალები და მეტირებოდა.   პირადად მე შემიძლია ემოციების შეკავება და კონტროლი, გიორგის ეს რთულად გამოსდის.. თუ გონება სხვა რამეზე არ გადართე, ამაზე ფიქრმა შეიძლება წაგლეკოს. მარტო არ ვარ და ჩემს თავს ამის უფლებას ვერ მივცემ. იმედია, ლენოს არ სწყინს, რომ ასე ვამბობ…

ვიცი, რომ ლენოს ნახატების გამოფენას გეგმავთ…

ლენოს უყვარდა და უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ძალიან ბევრი რამ დამრჩა რაც მის სახელს ატარებს. უამრავი ნახატი, ვიდეოჩანაწერი, ჩანახატი თუ ლექსი. „ფეისბუქზე“ შექმნილი გვაქვს ლენოს გვერდი Leno Art. გადავწყვიტეთ, რომ ლენო გამოფენას იმსახურებს. 50-ზე მეტი ნახატია და ბავშვის ნახატს არც ერთი ჰგავს. საკუთარ თავსაც ისე ხატავს, რომ აუცილებლად მიხვდები, ეს ლენოა!.. მაისურების, ჩანთებისა და ბარათების დაბეჭდვასაც ვგეგმავთ ამ პრინტებით, რაც შემდგომ ონლაინ გაიყიდება. გამოფენის ზუსტ თარიღს ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ გამოფენა ლენოს ერთ-ერთ საყვარელ ადგილას გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ლენოც იქ იქნება… იმედია, ამ დღეს თვითონაც ბედნიერი იქნება, რადგან ყურადღების ცენტრში მოექცევა…

გადაღების ადგილი: კაფე „ორანჟერეა“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g