მმართველი გუნდის წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მართლმსაჯულებისთვის სათქმელი არაფერი აქვს და მისი პროცესზე გადაყვანის მიზანი პროვოკაციების მოწყობა იყო.
მაჭარაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ნიკა გვარამიას განმარტება კი, მისი თქმით, აბსურდია:
“როგორც ვიცით, სტრასბურგის სასამართლოში იყო მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის შესახებ. ეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. სტრასბურგის გადაწყვეტილება, რაც ნიკა გვარამიამ თავისებურად განმარტა, აბსურდია. სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ისიც უთხრა, გვარამიას არ დაუჯერო და შიმშილობა შეწყვიტეო.
რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ეპიზოდს, სადაც ინფორმაციას ითხოვს პატიმარ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი. რასაკვირველია, მივაწვდით ინფორმაციას, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე მისი, როგორც პატიმრის უფლებების დაცვის შესახებ. სააკაშვილის უფლებები მაქსიმალურად დაცულია, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი სპეკულაციის საგნად თავად მისმა ადვოკატებმა გახადეს. რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენგან დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირება რომ ხდება, დასტურდება იმით, რომ როგორც სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, მას მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა სურს.
სააკაშვილს ჰქონდა საშუალება, პროკურატურის შუამდგომლობით პროცესში დისტანციურად მიეღო მონაწილეობა. თუ სააკაშვილს ჰქონდა სათქმელი მართლმსაჯულებისთვის ან საზოგადოებისთვის, საზოგადოება ამას მედიით გაიგებდა. 21-ე საუკუნეში ძალიან ბევრ სახელმწიფოში პროცესები დისტანციურად იმართება. დადასტურდა, რომ სააკაშვილს მართლმსაჯულებისთვის და საზოგადოებისთვის კი არაფერი აქვს სათქმელი, არამედ მისი გადაყვანის შემთხვევაში, მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა”, – თქვა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კი სოციალურ ქსელში წერს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და მას შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.
შეფასებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: