სულ მალე წალენჯიხას უფასო IT სკოლა ექნება, სადაც ახალგაზრდებისგან სერტიფიცირებულ დეველოპერებს „შექმნიან“. პროექტს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ახორციელებს. უფასო IT სკოლის შესახებ მან ვრცლად „რედაქტ2“-თან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, სკოლაში უკვე დარეგისტრირდა 200-ზე მეტი ახალგაზრდა არა მარტო წალენჯიხიდან, არამედ ახალგაზრდები სენაკიდან, ჩხოროწყუდან და სხვა მომიჯნავე ქალაქებიდან, თუ რაიონებიდან.
„ეს იქნება ჩემ მიერ დაფინანსებული უფასო IT სკოლა, სადაც რამდენიმე თვეში ამ ახალგაზრდებისგან შევქმნით სერტიფიცირებულ დეველოპერებს, რომელთა დიდი დეფიციტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მსოფლიოში. იდეაც ეს არის. პანდემიამ მთლიანად შეცვალა ყველაფერი – არაა საჭირო ოფისში სიარული. მით უმეტეს, IT ინდუსტრია ონლაინ მუშაობს. ამდენად, რამდენიმე თვეში ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ექნებათ შანსი, მოიძიონ მაღალანაზღაურებადი სამსახური“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „რედაქტ2“-თან ინტერვიუში.