„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ომის პარტიის“ წარმომადგენლები სოფელ-სოფელ დადიან და ცდილობენ, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ.
აღნიშნულის შესახებ მდინარაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მანვე აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს, რომ უკრაინაში მყოფი ყველა ქართველი მებრძოლი „ომის პარტიის“ წაყვანილია და არიან ადამიანები, რომლებიც თავის რწმენით და გმირული სულისკვეთებით იბრძვიან.
პრემიერი: ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ
„ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიქცა რეალური მათი ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს"
„თქვენც იცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში ვიღაცის მოწოდებით არიან წასულები და ვიღაცის წაყვანილები არიან, ასეთებიც არიან. არიან ადამიანები, რომლებიც თავისი გმირული სულისკვეთებით და თავისი რწმენით იბრძვიან და მათ შორის ასეთებიც ბევრნი დაიღუპნენ. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, ყველა ახლობელს და მთელ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც დასაკარგი მოქალაქეები არ ჰყავს.
მესამე, თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ მაინცდამაინც ერთი მიმართულებით უნდა გაიგოთ, თქვენგან განსხვავებით, სწორად იგებს ქართული საზოგადოება. დიახ, ყველამ იცის, რომ სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ და რომანტიზება როგორ მოახდინონ ამ ამბების. ეს ხომ ასეა, მე ხომ არ ვიგონებ, თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სოფელ-სოფელ და რაიონ-რაიონ დადიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თითოეული მებრძოლის დაღუპვას ხელისუფლების დასაზიანებლად ინსტრუმენტად იყენებენ.
„ისინი არიან თანამზრახველები ადამიანის გარდაცვალების და სიკვდილის, პიარული თანამზრახველები ამ შემთხვევაში. ეს არის რეალობა და, გულწრფელად გითხრათ, გულის სიღრმეში მჯერა და მეგულება ადამიანები ომის და ღალატის პარტიაში, რომლებსაც უხარიათ კიდეც ასეთი ამბები იმისათვის, რომ პიარული დარტყმები განახორციელონ.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიას“ მიჰყავს.