LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის მოწმობის გამოცდები ძვირდება

429
martvis mocmoba

მართვის მოწმობის გამოცდების ფასი იზრდება. შს სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულ ნაწილზე რეგისტრაცია 40 -ის ნაცვლად 20 ლარი იქნება, პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი ხდება და თითოეულის საფასური დამოუკიდებლად დგინდება.

კანონპროექტით, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური — 40 ლარი, მეორე ეტაპზე კი თანხა 90 ლარი იქნება.

რაც შეეხება სხვა კატეგორიის მართვის მოწმობებს (A, C, D, BE, CE, DE , ასევე A1, A2, B1, C1, D1, C1E , D1E ქვეკატეგორიას) პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური 40 ლარია, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვება კი 150 ლარი ეღირება.

იცვლება სტუდენტური შეღავათები. კანონპროექტის მიხედვით, სტუდენტს შეღავათი ექნება AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებისას. ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების საჭიროება არ არსებობს, სტუდენტი თავისუფლდება AM კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის საფასურის გადახდისგან.

განსხვავებულად ყალიბდება 17 წლის ასაკს მიუღწეველი პირის შეღავათები. 18 წლამდე ასაკის პირს B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა აეკრძალება და შესაბამისად, არსებული შეღავათი B კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად 17 წლის ასაკის პირებისთვის უქმდება.

პროექტით, საფასურისგან გათავისუფლების არსებულ საფუძვლებს ახალი პუნქტი ემატება, რომლის თანახმად, საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი თავისუფლდება უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის ახლად შემოღებული დაჩქარებული მომსახურების საფასურის (10 ლარი) გადახდისგან.

მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები