საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი და უფრო გადამდები “ომიკრონის” შტამის გავრცელების შემდეგ, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა მოწოდება ვაქცინაციისკენ.
იმისათვის, რომ საზოგადოებას ვაქცინის გამაძლიერებელი, ე.წ. “ბუსტერის” დოზის გაკეთების გადაწყვეტილებაც მიეღო, მანამდე არსებული ფინანსური წახალისების პროგრამებიც გაფართოვდა – დაიწია ასაკობრივმა ზღვარმა და უკვე 50 წლიდან და ზემოთ მყოფი მოქალაქეები, რომლებიც ასევე ბუსტერ დოზით იცრებიან, 100 ლარს იღებენ.
“ომიკრონის” გავრცელების შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი კვლევა ჩატარდა. ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო “ფაიზერი”, რომელმაც განაცხადა, რომ მათი ვაქცინის სამი დოზა “ომიკრონს” ანეიტრალებს.
Pfizer – ჩვენი ვაქცინის სამი დოზა “ომიკრონს” ანეიტრალებს
დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ომიკრონის” შემთხვევაში, უმეტესად, ვაქცინა არ მუშაობს და ამის მაგალითად საკუთარი თავი დაასახელა.
პრემიერმა თქვა:
“ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივად ემართება “ომიკრონი”, მაგალითად, მე ვარ მაგალითი. მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი „ფაიზერით“ აცრილი, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, აღნიშნული ვირუსი.
ვინ როგორ გაიგო პრემიერის ნათქვამი
ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნულ განცხადებას შეფასებები მოყვა როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციაში.
უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციისკენ მოწოდებებს უერთდება, თუმცა, ვაქცინა რომ სხვადასხვა შტამზე განსხვავებულად მოქმედებდეს, ბუნებრივია:
“ყველა ექიმის და სპეციალისტის მოწოდებაა ვაქცინაცია და პირადადაც შევუერთდები მათ. პირადად “ბუსტერიც” გაკეთებული მაქვს, იანვარში გადავიტანე კოვიდი და ძალიან მსუბუქად, თუმცა, ის, რომ ვაქცინა განსხვავებულად მოქმედებდეს სხვადასხვა შტამზე ბუნებრივია, მაგრამ მეტ დეტალებში ვერ შევალ, სპეციალისტი არ ვარ”, – აღნიშნა სუბარმა.
ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას მავნებლობას და ადამიანებისთვის საფრთხისშემცველს უწოდებს “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე:
“პრემიერ-მინისტრის განცხადება არის პირდაპირი მნიშვნელობით მავნებლობა და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. როგორც ჩანს, პრემიერი ვერ აცნობიერებს, რომ ვაქცინა არის იმისთვის, რომ სიკვდილიანობა შემცირდეს და ადამიანებმა მარტივად გადაიტანონ, თუ ისინი დაინფიცირდებიან. მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით საუბარი ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ აღიქვამს ვითარებას ადეკვატურად.
პრემიერის ეს განცხადება ახალისებს ანტივაქსერებს და იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ სრული ინფორმაცია რა საშიშ ვირუსთან გვაქვს საქმე”, – თქვა ხათუნა სამნიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი აცხადებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება უკავშირდებოდა იმას, რომ “მწვანე საშვის” მოქმედება “ომიკრონის” პირობებში, პრაქტიკულად, აზრს კარგავს.
გაბუნია ამბობს, რომ ვაქცინა ინფექციის გადაცემისგან “ომიკრონის” პირობებში შედარებით ნაკლებად იცავს:
“განცხადება შეეხებოდა “მწვანე საშვების” გაუქმების შესახებ განმარტებას და იმას, რომ “მწვანე საშვის” მოქმედება “ომიკრონის” პირობებში, პრაქტიკულად, აზრს კარგავს და ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა ამაზე კომენტარი. საქმე შეეხება იმას, რომ გადატანილი სტატუსი და ვაქცინაცია ცხადია, აღარაა “ომიკრონის” პირობებში გარანტია, რომ პირი აღარ დაინფიცირდეს. ამდენად “მწვანე საშვის” მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ რამდენიმე კვირის წინ მიიღო.
რაც შეეხება ვაქცინის ეფექტიანობას, ვაქცინა ინფექციის გადაცემისგან “ომიკრონის” პირობებში შედარებით ნაკლებად იცავს. ამის შესახებ მტკიცებულებები არსებობს, თუმცა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან. ამდენად ქვეყანა, მთავრობა და ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად აგრძელებს ვაქცინაციის კამპანიას. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ ვაქცინაციის სათანადო მოცვით შემცირდეს ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალების შემთხვევები”, – თქვა გაბუნიამ.
ბოლოს კი თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ მედიის მხრიდან მეტად პოზიტიური კამპანია იქნება მხარდამჭერი იმისა, რომ ვაქცინაციის კამპანია გაგრძელდეს მეტად აქტიურად, რათა ანტივაქსერმა, თუ იმ პირმა, რომელიც ჯერჯერობით ვერ ყალიბდება, რომ ვაქცინა ჩაიტაროს, ეს გააკეთოს.
"პრემიერი ანტივაქსერი არ არის" - ჯანდაცვის მინისტრი ღარიბაშვილს იცავს
როგორ ცდილობდა ჯანდაცვის მინისტრი პრემიერის ნათქვამის გამართლებას
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კი აღნიშნა, რომ ნათქვამს სწორად გაგება სჭირდება და განმარტა, თუ რას უკავშირდებოდა პრემიერის ეს განცხადება:
“ნათქვამს სწორედ გაგება და სწორედ აღქმა სჭირდება, პრემიერმა ისაუბრა “მწვანე პასპორტებთან” მიმართებით, რამეთუ, “მწვანე პასპორტის” ძირითადი შემადგენელი და განმაპირობებელი იყო გადატანილი ინფექცია, ვაქცინაცია და ტესტირება”, – თქვა ხუნდაძემ.
ცოდნის ნაკლებობა და მავნებლობა – ასე აფასებს “მედგიდის” დამფუძნებელი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სოფო ჯაფარიძე ღარიბაშვილის განცხადებას:
“დღეს, როდესაც ვიცით, რომ გარდაცვლილთაგან 90 %-ზე მეტი იყო არავაქცინირებული, პრემიერი გამოდის და გვეუბნება, რომ ვაქცინა არ მუშაობს და გვეუბნება, რომ ვაქცინა არ მუშაობს იმიტომ, რომ მას მაინც გადაედო, ის მაინც დაინფიცირდა.
აქ ერთადერთი არის მხოლოდ და მხოლოდ ცოდნის ნაკლებობაზე საუბარი, აღარ მაქვს საუბარი იმაზე რომ ეს არის სრულად პოპულისტური განცხადება, ეს არის ძალიან დიდი მავნებლობა შენი მოქალაქეების მიმართ, იმიტომ რომ ისედაც დიდი სკეპტიციზმია ვაქცინაციის მიმართ”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
“არ არსებობს მსოფლიოში მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც საუბრობს დანაშაულებრივად, როგორც ჩვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი და აცხადებს, რომ პრემიერის დღევანდელი განცხადება უპასუხისმგებლოა:
“ფაქტობრივად, პრემიერი ამბობს – დიდი ამბავი, თუ ვაქცინას არ გაიკეთებთ და მოკვდებით, ამაზე არ ვნერვიულობ, მე კი ორჯერ ვარ ვაქცინირებულიო – დაახლოებით ასეთი იყო მისი განცხადება, ცხადია, უპასუხისმგებლო.
არ არსებობს მსოფლიოში მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც საუბრობს დანაშაულებრივად როგორც ჩვენი ქვეყნის პრემიერ- მინისტრი. ფაქტობრივად, ის ადასტურებს, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არაფრად უღირს, ამას აკეთებს ერთი მიზნით, რომ ჩაიწეროს ქულები და კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფები წაახალისოს”, – თქვა ხაბეიშვილმა.
პრემიერის ნათქვამს ლევან ხაბეიშვილის თანაგუნდელი, ხატია დეკანოიძეც აფასებს და აღნიშნავს, რომ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამის შემდეგ ვაქცინაციაში დაეჭვდებიან, პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრმა უნდა აიღოს:
“ეს არის სახიფათო და ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განცხადება. ეს მოწმობს იმას, რომ პრემიერ-მინისტრს სურს, რაღაცნაირად სტატისტიკა შეალამაზოს და ამიტომ ამბობს, რომ ვაქცინა არ მუშაობს.
ამ განცხადებას საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დამაზიანებელ განცხადებად მივიჩნევ და ადამიანებზე, ვინც ამის შემდეგ ვაქცინაციაში დაეჭვდება, პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრმა უნდა აიღოს”, – თქვა დეკანოიძემ.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის შეფასებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ასეთი განცხადება კოვიდის მართვის პროცესს აზიანებს:
“არ ვიცი, საბოლოოდ ასეთი განცხადებების სურვილი რა არის, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ ვითარებაში, რომელიც არის საქართველოში და როდესაც ჩვენ გვჭირდება მეტი ადამიანის ჩართვა ვაქცინაციის პროცესში, ნებისმიერი ასეთი ტიპის განცხადება აზიანებს პროცესს, რომელიც საჭიროა კოვიდის მართვის პროცესში. ჩემი აზრით, ამგვარი განცხადებები აბსოლუტურად გაუმართლებელია, მით უმეტეს, ქვეყნის პირველი პირების მხრიდან”, – აცხადებს წერეთელი.
ჯანმოს დირექტორი: „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს, თუმცა მსუბუქი არ არის