LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველაფერი – ბიძინა ივანიშვილის მადა და გეგმები იზრდება

944
wytaltubo-ivanishvili

საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილია ბიძინა ივანიშვილის მიზნები საქართველოსთან მიმართებაში, უფრო კონკრეტულად რომ ვახსენოთ, მისი ბიზნეს-გეგმები ქართულ მიწაზე „ქართუ“ ფონდის დახმარებით. შრომას და ღვაწლს ვერ დავუკარგავთ და ვიტყვით, რომ განახლება-რეკონსტრუქციებში აღნიშნულმა ფონდმა მილიონები კი გადაიხადა და მთელი საქართველოს მასშტაბით კულტურული თუ სხვა მნიშვნელობის პროექტები განახორციელა. მაგალითად, თბილისის ბოტანიკური ბაღი და სარგებელი მიწის „მცირეოდენი ნაწილის“ მისაკუთრება; შეკვეთილში, ჯერ კიდევ უნახავი დენდროლოგიური პარკი; სახლამდე მიყვანილი ზღვის ტალღები და კიდევ რამდენიმე „უმნიშვნელო“ პროექტი, რომელიც სულ ხალხისთვის კეთდება.

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების არასრული სია: ძირითადად პარკები და ბაღები (ვიდეო)

 

თბილისის აღორძინების შემდეგ ახლა ბიძგი წყალტუბოს აღორძინებას უნდა მისცეს. ეს ბიძგიც უკვე მზად არის პროექტის დონეზე, მხოლოდ ოფიციალური განცხადებაღა აკლდა და აი ისიც.

„ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინების პროექტს. მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველvყო მისი განვითარება. მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში“, – წერს ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გვერდზე.

წყალტუბოს მიმართ ინტერესსაც ივანიშვილი ღიად განმარტავს და წერს, რომ „ჩვენ ქვეყნაში მთას, ზღვას, მინერალურ წყლებს და ქვიშასაც კი, მაცოცხლებელი ენერგია აქვს. მაგრამ არსებობს სრულიად გამორჩეული ადგილები, რომლებსაც თავისი პოტენციალით უდიდესი მიზიდულობის შექმნა შეუძლია. სწორედ ასეთია წყალტუბო – უნიკალური სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ტურისტული პოტენციალით.“
აქვე აღნიშნავს, რომ წყალტუბოს აქვს ყველა, და შესაძლოა, მეტი პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი.

ძნელი სათქმელია ვის რამდენად რეალურად ან შესაძლებელ ვარიანტად მოეჩვენოს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ სთავაზობს ქართულ ბიზნესს:

„მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება.“

კიდევ უფრო არარეალური და დაუჯერებელია, როცა წერს, რომ მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მხოლოდ საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება.

ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ტურიზმის პოტენციალის გაზრდისთვის კეთდება. ამ მიზნისთვის იქნება კიდევ მიმართული დანარჩენი „მარგალიტები“, როგორიცაა  გელათი, მოწამეთა, კაცხის სვეტი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი.


„ჩემი გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ბიძინას გათვლებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეგიონში 15-20 ათასი ადამიანი დასაქმდება, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას.

ჩვეულებისამებრ, ვრცელი წერილის ბოლოს, ბიძინა ივანიშვილი განმარტავს პროექტის საჯაროობის მსგავს ფორმას და აცხადებს, რომ

„პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართულ ბიზნესს პირადად ჩემგან მოესმინა, რას ვგეგმავ და როგორი ფორმით ვთავაზობ მათ თანამშრომლობას. იმავდროულად, ვიცი, ამ საქმესაც გამოუჩნდებიან მძაფრი ოპონენტები. სამწუხაროდ, თეთრის შავად და შენების ნგრევად გამოცხადება, ჩვენს ქვეყანაში ბევრს დღემდე ეფექტურად გამოსდის, ამიტომ საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირება აუცილებლად ჩავთვალე. დარწმუნებული ვარ, ინფორმირებული საზოგადოება სწორ დასკვნებს გამოიტანს.“

„თეთრის შავად და შენების ნგრევად გამოცხადება“ -ს ქართული საზოგადოება ბოლო რამდენიმე წელია თვალს ადევნებს. არც არავის გამორჩენია ხედვიდან არავისი შრომა. ეს ის ქვეყანაა, სადაც უსაქმურობაში ხელფასს იხდიან, მშრომელები კი სამუშაოზე იხოცებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები