LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვეძებ ჩემს თავს სტატუსისა და როლის გარეშე: ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა ისევე, როგორც საკუთარი თავის ძიება – ვინ იყო და რას აკეთებდა შატილში დაღუპული ნუცა ყანადაშვილი

4014
47153710-1901043210012631-3117269452207423488-n

შატილის გზაზე მომხდარ საშინელ ტრაგედიას დედასთან ერთად ნუცა ყანადაშვილი ემსხვერპლა.

ნუცა ხელოვანი გოგო იყო, უფრო მხატვრობას მისდევდა, თუმცა რეჟისორობაც არ იყო უცხო. ის ადრე მერაბ კოკოჩაშვილმა ფილმში „ნუცას სკოლა“ გადაიღო, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, დაახლოებით 20 წელიწადი.

სამხატვრო აკადემიაში სწავლისას ნუცა სიღნაღის რეგიონის უმწეოთა თერაპიის კავშირში წავიდა სამუშაოდ, რათა ბავშვებისთვის ხატვა ესწავლებინა. „თემქედელში“ ხატვის თერაპიას განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებს უტარებდა.

“როცა არ უნდა მკითხონ, რა იყო შენთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი ცხოვრებაშიო, მე ვიტყვი, რომ ეს იყო დღე „თემქედელში“. ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღე. წარმოიდგინე, ძალიან დიდი მაგიდა, ძალიან ბევრი ბავშვით. მეც წამიყვანეს, დამისვეს მაგიდასთან… იმ ბავშვების უმრავლესობას, რომელიც იქ ისხდა, მეტყველების პრობლემა ჰქონდა, დანაწევრებულ ბგერებს წარმოთქვამდნენ. ყველა სათითაოდ დგებოდა და თავიანთი დატეხილი ბგერებით ადღეგრძელებდნენ იუბილარს. ვერავინ, იმ ბავშვების გარდა, ვერ გაიგებდა ვერბალურად, რას ამბობდნენ, მაგრამ მათ ესმოდათ ერთმანეთის, მათ არ სჭირდებოდათ სიტყვები ემოციის გამოსახატად. არც მე მესმოდა სიტყვები, მაგრამ მესმოდა ემოცია და სანამ მანქანა სიღნაღიდან თბილისში ჩამოვიდა, ვტიროდი… ვტიროდი, რადგან მაშინ ვიგრძენი ყველაზე კარგად, რომ ურთიერთობის დასამყარებლად არ არის საჭირო სიტყვა, ვერბალური კომუნიკაცია… და ის, რაც მე იმ დღეს ვნახე, იყო სულების ურთიერთობა. გაოგნებული ვუსმენდი, როგორ უხსნიდნენ ერთმანეთს სიყვარულს და უსურვებდნენ ყველაფერ კარგს…

ძალიან მინდა, გადავიღო ფილმი, რომელშიც ეს სცენა აუცილებლად შევა!..

შატილის გზაზე ახალგაზრდა გოგონა დედასთან ერთად დაიღუპა

 

შემდეგ ასოციაცია „ანიკას“ პროექტში ჩაერთო. აქაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს ხატვას ასწავლიდა.

„ამ საქმეში არაფერი გამოგივა, თუ ურთიერთობა არ შეგიძლია. იმის ხარჯზე, რომ ბავშვებს ფიზიკური შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ, განვითარებული აქვთ მგრძნობელობა. ადამიანთა დამოკიდებულებას ისინი გაცილებით უკეთ გრძნობენ ვიდრე მე, მაგალითად. თუკი გულწრფელი არ ხარ, ისინი შენში იმ მუხტს ვერ დაიჭერენ, რა მუხტსაც შენ მათში ეძებ და ურთიერთობაც ვერ შედგება, რადგან პრაქტიკულად არ არსებობს შანსი, არ იგრძნონ როდის ხარ გულწრფელი და როდის არა“, – ასე აღწერდა ნუცა ბავშვების დამოკიდებულებას გარშემომყოფთა მიმართ.

ნუცა მუდმივად საკუთარი თავის შეცნობას ცდილობდა:

„სულ ძიებაში ვარ. ვეძებ ჩემს თავს, ოღონდ, სხვადასხვა გზით. არ ვეძებ ნუცა ყანადაშვილს, მე ვეძებ ჩემს თავს სახელისა და გვარის, სტატუსის, ყველანაირი როლისა თუ პროფესიის გარეშე. მიმაჩნია, რომ შეუძლებელია საკუთარი თავი იპოვო ერთ კონკრეტულ პროფესიაში. მაგალითად, მე ჩემს თავს ვერ ვიპოვიდი მხოლოდ მხატვრობაში, რადგან ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა ისევე, როგორც საკუთარი თავის ძიება“, – ასე ახასიათებდა საკუთარ მოუსვენრობას.

„კი, მეც ძალიან შევიცვალე; ვისწავლე ცხოვრების დაფასება, მადლიერება და სიყვარული. რაც ყველაზე მთავარია, ბავშვებმა მასწავლეს სიკეთე და დროის შეგრძნება“, – ამბობდა ნუცა.

„ჩვენ, ყველანი სინამდვილეში, ერთნი ვართ, როგორც წვეთი საკუთარ თავში მოიცავს ოკეანეს, ასევე მოიცავს ოკეანე წვეთებს. დროა, ადამიანებმა შეწყვიტონ რაღაცეების დახარისხება, კარგებად და ცუდებად, ბოროტებად და კეთილებად; უნდა მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ.
მე ვეძებ ამ ჰარმონიას ჩემში. ეს ნიშნავს, რომ მე ვცდილობ ადამიანები მივიღო ისეთები, როგორებიც ისინი რეალურად არიან”.

 

გოგონა, რომელიც სხვებზე ზრუნავდა, 30 წლის ასაკში წავიდა…

გამოყენებული თამარ კურატიშვილის მიერ 2015 წელს ნუცა შესახებ მომზადებული მასალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g