კვლევის ავტორები, რომელიც სამეცნიერო პორტალ Biorxiv-ზე გამოქვეყნდა აცხადებენ, რომ ადამიანის გენომის სრულად გაშიფვრა შეძლეს. ადამიანის გენომი პირველად 21 წლის წინ გაიშიფრა, თუმცა არასრულად. მაშინ მეცნიერებმა ადამიანის დნმ-ის 92% წარმატებულად გაშიფრეს, დარჩენილი 8%-ის გასაშიფრად კი კვლევები ამ დროის განმავლობაში გრძელდებოდა. თუკი კვლევის პირველადი შედეგები დადასტურდება, ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ადამიანის გენეტიკის შესწავლის კუთხით.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრის, კარენ მიგას თქმით, მისმა გუნდმა ურთულესი სამუშაო გასწია და მათ იმის გაკეთება შეძლეს, რაც აქამდე ვერავინ შეძლო.

კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, მეცნიერებმა დნმ-ის მეცნიერებისათვის ცნობილი ფუძეების რაოდენობა 2.92 მილიარდიდან 3.05 მილიარდამდე გაზარდეს. გარდა ამისა, გაიზარდა  ცნობილი ცილების მაკოდირებლების რაოდენობაც.

იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება კვლევის შედეგებს აღიარებს, ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და მთლიანად შეცვლის მიდგომას მთელი რიგი სამედიცინო პრობლემებისადმი. რადგან იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს სრულად ექნება ინფორმაცია საკუთარ გენომზე, ის მასში კორექტივების შეტანასაც შეძლებს.

ამ ეტაპზე კვლევის ავტორები კოლეგების მხრიდან კვლევის შედეგების გაცნობას ელიან.

 

მსგავსი თემები