LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეგი ბაქრაძეს იმუნიზაციის ოთახში ადრენალინი არ გაკეთებია” – რა ახალი დეტალები იკვეთება მეგი ბაქრაძის საქმეში

744
BARAMASHVILI

18 მარტს, ახალციხეში, მეგი ბაქრაძეს ვაქცინაცია ჩაუტარდა,  რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

თავდაპირველად მეგი ბაქრაძეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება აღნიშნულ კლინიკაში გაეწია, ხოლო შემდგომ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

როგორც „ფორტუნას“ ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განუცხადა, საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა.

მისი თქმით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მეგი ბაქრაძეს იმუნიზაციის ოთახში ადრენალინი არ გაკეთებია. ადვოკატის თქმით, შესაძლოა ბაქრაძეს ადრენალინი გაუკეთეს რეანიმაციაში, ვინაიდან მისივე განმარტებით, იმუნიზაციის ოთახიდან ამოღებული სამედიცინო ნარჩენებში ადრენალინი არ არის.

„ახალი დასაბუთებებია იმისა, რასაც ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობთ. სულ რამდენიმე მიმართულებაა ამ საქმეში.

ცრუ ჩვენებების მიცემის ბრალდება აქვთ წაყენებული პირებს, რადგან თავადვე შეცვალეს ჩვენება.

მოწმეთა შეცვლილი ჩვენებების გამო გამოიკვეთა, რომ  სამედიცინო დოკუმენტაცია არის გაყალბებული. აქედან გამომდინარე, გამოძიება დაწყებული უნდა იყოს სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბების გამო იმ პირების მიმართ, ვინც აწერენ ხელს სამედიცინო დოკუმენტაციას.

და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მეგი ბაქრაძეს ადრენალი საერთოდ გაუკეთდა თუ არა და თუ გაუკეთდა, ეს როდის მოხდა.

ჩვენი ვარაუდი იყო, რომ ადრენალინი გაუკეთდა რეანიმაციის ოთახში, მოწმეთა ჩვენებებში აზრთა სხვადასხვაობაა და ასეთი ვარაუდი ამიტომ გაგვიჩნდა.

ახლა, როცა სამედიცინო ნარჩენები იქნა ამოღებული და ისინი დავათვალიერეთ, იქ ადრენალინის ამპულა საერთოდ არ აღმოჩნდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმუნიზაციის ოთახში მას ადრენალინი საერთოდ არ გაკეთებია.

საქმის მასალებში არსებული ჩვენებებით ვვარაუდობთ, რომ თუ მეგი ბაქრაძეს საერთოდ გაუკეთდა ადრენალინი, ეს რეანიმაციის ოთახში მოხდა.

ამასთან კითხვები გვაქვს კლინიკაში ადრენალინის არსებობასთან დაკავშირებით.

შოკის ყუთის „გადაადგილება“ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

გინეკოლოგიური ოთახიდან ერთ-ერთი მედპერსონალი დაატარებდა შოკის ყუთს და ქვემოთ მან ჩაიტანა. როგორც ჩანს, იმუნიზაციის ოთახში შოკის ყუთი საერთოდ არ იყო.

კიდევ არის ერთი დეტალი: ვიოლეტა ინასარიძე და გიორგი აფციაური იმუნიზაციის ოთახში იმყოფებოდნენ როდესაც მეგი პირველად გახდა ცუდად. შესაბამისად შეუძლებელია მათ არ სცოდნოდათ მისი ცუდად გახდომის ამბავი. ამაზე მეტყველებს შემდგომში განვითარებული მოვლენებიც. ფაქტობრივად პაციენტი მიატოვეს. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ სამსახურეობრივი გულგრილობის კვალიფიცკაციაზეც, რომელსაც პროკურატურა ჯიუტად არ აყენებს,” – აცხადებს ბარამაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

კითხვაზე, რა იკვეთება საქმეში პაატა იმნაძის ჩვენებით, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის სიტყვებით: „პაატა იმნაძე დაიკითხა კოვიდთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის გამო.

თუმცა, მისი პასუხები ხელჩასაჭიდს არაფერს იძლევა. მისი პასუხები ბუნდოვანი და ზოგადია“. – ამბობს ვახტანგ ბარამაშვილი.

 

ოჯახის ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ჩვენებაც. 

(ლევან რატიანი დაკითხულია თბილისში სამედიცინო მომსახურებით გაწეული დახმარების გამო).

„ბატონი ლევანი დროს არ უსწრებს და რეგულირების სააგენტოზე  არაფერს ამბობს, მისი პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია.

რეგულირების სააგენტომ უნდა თქვას, თუ რა სამედიცინო შეცდომები იქნა დაშვებული და საბოლოო ჯამში, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ბატონი ლევანი ამიტომ არ საუბრობს გარდაცვალების მიზეზებზე და ამბობს, რომ როდესაც თბილისში ჩამოვიდა პაციენტი, მისი გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

ხოლო შეკითხვაზე, მეგი ბაქრაძეს სამედიცინო დახმარება სხაგვარად რომ აღმოჩენოდა, მისი გადარჩენა მოხერხდებოდა თუ არა – ექიმი ლევან რატიანი პასუხობს, რომ ეს ბედისწერის საკითხია. არადა, ამ მიმართულებით, როგორც პროფესიონალს, ბევრად მეტი პასუხი აქვს გასაცემი“, – აცხადებს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ვახტანგ ბარამაშვილი „ფორტუნასთან“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები