“ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი ეხმიანება პროკურატურის განცხადებას, რომელსაც უწყება ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ავრცელებს.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსტიტუციებს მმართველი პარტიისგან და მისი დამფუძნებლისგან პოლიტიკური დამოუკიდებლობა არ აქვთ, უწყება სანდოობას ვერ მოიპოვებს და საკითხის შეფასების დროს იხსენებს ანდაზასაც – “მელას თავის კუდი მოწმედ მოჰყავდაო”:
“იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსტიტუციებს არ აქვთ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მმართველი პარტიისგან და მისი დამფუძნებლისგან, ცხადია, რომ სანდოობას ვერ მოიპოვებს. ამიტომ ჩვენი კითხვაა პროკურატურის მიმართ – რატომ არ იქნა ეს გათვალისწინებული და რატომ არ მოხდა ჩანაწერის საერთაშორისო, ყველასთვის სანდო ექსპერტიზის ბიუროსთვის გაგზავნა და საერთაშორისო საგამოძიებო კომპონენტის შემოტანა.
ძალიან უცნაურია ამდენი ხნის განმავლობაში პროკურატურის დუმილი და ახლა ე.წ. შუალედური ანგარიშის გამოქვეყნება მაშინ, როცა ასეთი პრაქტიკა პროკურტურას არ გააჩნია და ძალიან უცნაურად იყენებს მაღალი პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეებში. ბოლოს ასეთი დასკვნა მახსოვს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის მიმართ გაგზავნილ მუქარის წერილზე, სადაც პროკურატურამ იმ კითხვას კი არ გასცა პასუხი ვისი ანაბეჭდები იყო, არამედ გახარია გაწმინდეს და თქვეს, რომ გახარიას ანაბეჭდები წერილზე არ იყო.” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ 6 მარტს “ტვ პირველის” ეთერში გასულ ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩანაწერი მოდელირებულია და აბსოლუტურად ყველა მათგანს მონტაჟის კვალი აქვს.