“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება. ცვლილებებით საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი 3%-მდე მცირდება, ფრაქციას კი, 7 დეპუტატის ნაცვლად უკვე 4 შექმნის.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კომენტირებისას პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მისი შეფასებით, ოპოზიციაში მოიძებნება ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც შევა პარლამენტში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთოს ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში პოლარიზება რაღაცნაირად დავასრულოთ და ყველა შემდგომი არჩევნები იყოს არჩევნები არა ორ პარტიას, ძირითად ორ მოთამაშეს შორის, არამედ მრავალ პარტიას შორის. ეს არის ამოცანა, რასაც ჩვენ, პარტია „მოქალაქეები“ ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევუწყოთ ხელი.
სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციაში მოინახება ამ ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც შემოვა პარლამენტში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩემი და ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა იქნება ქვეყნის ინტერესების ღალატი, რადგან ქვეყნის ინტერესი არის მრავალპარტიული, დემოკრატიული პარლამენტი 2024 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.